კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა „გაგრამ“ ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილი გუნდი ზესტაფონში ქუთაისის „ტორპედოს“ ესტუმრა და ერთადერთი გოლის წყალობით შინ 3 ქულით დაბრუნდა. შეხვედრის 42-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა დავით ხარიტონაშვილი მიიჩნია, რომ ლუკა ნოზაძემ თავის საჯარიმოში თორნიკე ახვლედიანთან ორთაბრძოლის დროს თამაშის წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. მათე წინცაძის შესრულებული თერთმეტმეტრიანი სტუმართა უკრაინელმა მეკარე ოლეკსანდრ ვორობეიმ მოიგერია, 65-ე წუთზე „გაგრას“ კაპიტანმა ვასილ ხოსიტაშვილმა საუცხოო პასი მისცა მასპინძლების საჯარიმოში გახსნილ თემურ შონიას, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – როინ კვასხვაძეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა. „ტორპედომ“ 69-ე წუთზე გოლი კი გაიტანა, თუმცა რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ პარაგვაელი ფორვარდი კაბალიერო თამაშგარე მდგომარეობაში იყო.
„გაგრამ“ 36 ქულა დააგროვა და გასავარდნ ზონას თავის დააღწია – 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-7 ადგილზეა. კახა ჩხეტიანის დამოძღვრილი „ტორპედო“ 50 ქულით მე-5 პოზიციაზეა.
თბილისის „საბურთალომ“ მიჯრით მე-4 შეხვედრა წააგო. ამჯერად, თემურ შალამბერიძის შეგირდები ბოლნისში ადგილობროვ „სიონთან“ 0:1 დამარცხდნენ. აქვე გეტყვით, რომ მასპინძლების მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი გიორგი ჭელიძეს ჰქონდა. 77-ე წუთზე ლუკა ჩაგანავამ სტუმართა ნახევარზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის დროს, ბურთი მარცხენა ფლანგიდან პირდაპირ კარში ჰაჰზავნა და თორნიკე მეგრელიშვილის შეცდომის შემდეგ ანგარიში გაიხსნა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „სიონმა“ 10-მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.
„საბურთალო“ 44 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „სიონი“ 33 ქულით მეცხრეა.





