კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 33-ე ტური ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ სატურნირო ცხრილში მეზობლები „გაგრა“ და ბოლნისის „სიონი“ დაუპირისპირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ 34-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, საბოლოოდ სამი ქულა მაინც აიღეს. გაგრელი ნოდარ ლომინაძე ივანე ფოცხვერიასთან უხეშობის გამო მას მერე გააძევეს, რაც მთავარმა არბიტრმა ბაკურ ნინუამ ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენტთან გადაამოწმა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-2 წუთზე სანდრო შეწირულმა მარჯვენა ფლანგიდან ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა მეტოქის საჯარიმოში გახსნილ თამაზ მაქაცარიას, რომელმაც თავით ბურთი „სიონის“ მეკარე ლევან ისიანს თავს ზემოთ გადაუგდო – 1:0. გოლი მართლაც ორიგინალური გამოვიდა.
48-ე წუთზე მაქაცარიამ ქუსლით ძალიან კარგი პასი მისცა სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ გიორგი ქობულაძეს, რომელმაც ბურთი ახლო ძელთან გახსნილ გიორგი ლომთაძეს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით გაიტანა.
54-ე წუთზე ნიკა ხორხელმა მასპინძლების საჯარიმოში მცველების შეცდომით ისარგებლა და ერთი ბურთი გაქვითა. 68-ე წუთზე დავით ზურაბიანმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და გააძევეს. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გაგა კირკიტაძის გაწვრთნილებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა აიღეს. „გაგრა“ 33 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა, ხოლო უჩა სოსიაშვილი თავკაცობით „სიონმა“ 30 ქულა დააგროვა და მეცხრეა.





