ბრატისლავას “სლოვანმა” კონფერენს ლიგის H ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. დასკვნით მე-6 მატჩში სლოვაკებმა სტუმრად ვილნიუსის “ჟალგირისი” 2:1 დაამარცხეს და მათ წარმატებაში ქართველმა ლეგიონერებმა დიდი წვილი შეიტანეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ და ექსკაპიტანმა ჯაბა კანკავამ შეუცვლელად ითამაშეს, ხოლო ჩაკვეტაძემ მოედანი 92-ე წუთზე დატოვა. სწორედ მან წამოიწყო მე-15 წუთზე შეტევა და დროულად შეაყოლა ბურთი საჯარიმოში რამირესს, რომლის გადაცემის შემდეგ ჩავრიჩმა ანგარიში გახსნა.
23-ე წუთზე ჩაკვეტაძე მეტოქის საჯარიმოს სიახლოვეს მასპინძლების ორ ფეხბურთელს გაცდა და შემდეგ მარცხენა ფლანგზე გაიჭრა, საიდანაც ზუსტი პასი ვილნიუსელთა საჯარიმოში მყოფ ჩავრიჩს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში კუარემეს დარტყმის შემდეგ “ჟალგირისმა” ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა. ჩაკვეტაძე შესვენების შემდეგაც თავის გუნდში ყველაზე აქტიური იყო და ერთ ეპიზოდში მისი ზუსტი გადაცემის შემდეგ, ვაისი მეკარესთან პირისპირ დარჩა, მაგრამ თავს ზემოთ ბურთი არაზუსტად გადაუგდო.
მოედნის ცენტრიდან კანკავას საუცხოო გადაცემის შემდეგ, ჩაკვეტაძემ ლიეტუველების საჯარიმოში ბურთი კარგად რომ დაემუშავებინა გატანის რეალური შანსი ექნებოდა. მოგვიანებით ის თავის ნახევარზე კარგად გაექცა ერთ მოწინააღმდეგეს და მარცხენა ფლანგზე “ჟალგირისის” საჯარიმომდე ბურთიანად ირბინა, მაგრამ რატომღაც ხელსაყრელი პოზიციიდან არ დაარტყა, ხოლო თანაგუნდელის მისამართით გაკეთებული პასი მცველმ ჩაჭრა. 90-ე წუთზე ჩაკვეტაძე “ჟალგირისის” საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და მცველმა წააქცია, ხოლო მსაჯმა პენალტი დანიშნა. ჩაკვეტაძემ თერთმეტმეტრიანი “პანენკას” სტილში შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა – მართალია დამატებაზე თავით გოლი გაიტანა, მაგრამ არბიტრმა წესის დარღვევა, ბურთთან ორმაგი შეხება დააფიქსირა.
“სლოვანმა” 11 ქულით ჯგუფი მოიგო და 1/8-ფინალში პირდაპირ გავიდა. ამდენივე ქულით მეორე ადგილი “ბაზელმა” დაკიკავა, რომელმაც სტუმრად ერევნის “პიუნიკს” 2:1 სძლია და 1/8-ფინალში გასასვლელად ევროპა ლიგის ჯგუფში მე-3 ადგილზე გასულ გუნდთან დამატებით შეხვედრას ითამაშებს.





