„მილანი“ 9-წლიანი პაუზის შემდეგ პლეი-ოფშია – ჟირუს ბენეფისი

0
17

„მილანი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ბოლო 9 წლის მანძილზე პირველად ითამაშებს. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში სტეფანო პიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ავსტრიის „ზალცბურგს“ უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.
მე-14 წუთზე ანგარიში ოლივიე ჟირუმ თავური დარტყმით გახსნა. მეორე ტაიმის პირველ წუთზე ფრანგი ფორვარდის გადაცემის შემდეგ თავი კრუნიჩმა გამოიჩინა. 57-ე წუთზე ჟირუმ დუბლი შეასრულა. ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ჟირუს პასი ჟუნიორ მესიასმა გამოიყენა.
36 წლის და 33 დღის ასაკში ჟირუ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ერთ შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
E ჯგუფში გამართულ მე-2 შეხვედრაში „ჩელსიმ“ თავის მოედანზე ზაგრების „დინამოს“ 2:1 აჯობა. სტუმრები მე-7 წუთზე პეტკოვიჩმა დააწინაურა. მე-18 წუთზე სტერლინგმა ანგარიში გაათანაბრა, 30-ე წუთზე კი ზაკარიამ მეორე გოლი გაიტანა.
„ჩელსიმ“ 13 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. „მილანი“ 10 ქულით მეორეა და 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად პლეი-ოფში გავიდა. „ზალცბურგმა“ 6 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ევროპა ლიგაზე გადაერთო.