ირაკლი აზაროვი „ცრვენა ზვეზდას“ შემადგენლობაში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ისევ არ ათამაშეს. მე-5 ტურში სერბებმა თურქეთის „ტრაბზონსფორს“ უმასპინძლეს და 2:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არცერთი წუთი გაატარა.
მასპინძლები 37-ე წუთზე კატაიმ დააწინაურა, ხოლო ორ წუთში ბაკასეტასმა საპასუხო ბურთი გაიტანა. ბელგრადელებიდან 64-ე წუთზე თავი პეშიჩმა გამოიჩინა და საბოლოოდ, ეს გოლი გამარჯვების აღმოჩნდა.
H ჯგუფის მეორე მატჩში „ფერენცვაროშმა“ შინ „მონაკოს“ ვერ აჯობა – 1:1. მასპინძლების განაცხადში ქართველი ნახევარმცველი გიორგი ხარაიშვილი არ იყო. „ფერენცვაროში“ 10 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო შემდეგ „მონაკო“ (7), „ტრაბზონსფორი“ (6) და „ცრვენა ზვეზდა“ მოდიან.
აზაროვისა და ხარაიშვილის მსგავსად აგდამის „ყარაბაღში“ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყოფილ მეკარეს ლუკა გუგეშაშვილსაც არ უთამაშია.
აზერბაიჯანელები გასვლაზე „ნანტთან“ 1:2 დამარცხდნენ და ქართველი გოლკიპერი თადარიგში ყოფნით შემოიფარგლა. ფრანგები მე-16 წუთზე ბლასმა დააწინაურა, 56-ე წუთზე კი ოზობჩმა პენალტიდან საპასუხო ბურთი გაიტანა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე „ნანტს“ განაგომ მოაგებინა.





