მწვრთნელ-დებიუტანტ დარვინ ჰემის მიერ დამოძღვრილმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარულ პირველობაზე მეტად წარუმატებელი სტარტი აიღო – კალიფორნიელებმა სეზონი მიჯრით ოთხი მარცხით გახსნეს. ასეთი უიღბლო დასაწყისი „ლეიკერსს“ ერთადერთხელ, ნბა-ში სადებიუტო სეზონში ჰქონდა.
ლებრონ ჯეიმსისა და მისი პარტნიორების წარუმატებლობა დიდწილად სამქულიანების რეალიზაციის დაბალი პროცენტითაა განპირობებული. „ლეიკერსის“ კალათბურთელებმა ოთხ შეხვედრაში პერიმეტრს მიღმიდან 148-ჯერ გაისროლეს და ამ მცდელობებიდან ზუსტი მხოლოდ 33 ტყორცნა (22 პროცენტი) აღმოჩნდა.
კალიფორნიელთა ბოლო მატჩს რაც შეეხება, „ლეიკერსმა“ კოლორადოს შტატის წარმომადგენელ „დენვერ ნაგითსთან“ 99:110 დათმო, ტრავმის გამო კი რასელ ვესტბრუკს არ უთამაშია.
„ლეიკერსის“ დამარცხებაში დიდი როლი შეასრულა დენვერელთა სერბმა ვარსკვლავმა ნიკოლა იოკიჩმა, რომელსაც სამმაგ დუბლამდე ერთადერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა – 31 ქულა, 13 მოხსნა, 9 პასი.





