ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში ვერ გავიდა. ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში მასიმილიანო ალეგრის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ლისაბონის „ბენფიკას“ შეხვდა და 3:4 წააგო.
მასპინძლები მე-17 წუთზე ანტონიო სილვამ დააწინაურა, ხოლო ოთხ წუთში მოიზე კინმა ანგარიში გააათაანაბრა. 28-ე წუთზე ჟოაო მარიუმ პენალტი გამოიყენა, ხოლო რაფა სილვამ მეტოქის კარი ჯერ 35-ე წუთზე აიღო, შემდეგ 50-ეზე – 4:1. „იუვენტუსიდან“ 77-ე წუთზე თავი მილიკმა გამოიჩინა, რომელსაც მხარი ორ წუთში მაკენიმ აუბა. შედეგად, ტურინელები 2013-2014 წლების სეზონის შემდეგ პირველად ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალს მიღმა დარჩნენ.
ცნობისთვის, „იუვენტუსმა“ არსებობის ისტორიაში ჩემპიონთა ლიგაში ტაიმში 3 გოლი პირველად გაუშვა. ტურინელებმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში ჩატარებული ზედიზედ 5 თამაშიდან 4 წააგეს, ხოლო საერთო ჯამში ბოლო 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოიგეს.
„იუვენტუსი“ 3 ქულით ჯგუფში მე-3 ადგილზეა, „ბენფიკა“ 11 ქულით მეორეა, ხოლო ამდენივე ქულით პირველ პოზიციაზე პსჟ-ეა, რომელმაც შინ ჰაიფას „მაკაბი“ 7:2 გაანადგურა.
პარიზელებიდან დუბლი ლიონელ მესიმ და კილიან მბაპემ შეასრულეს, ხოლო თითო გოლი ნეიმარის, გოლდბერგის და სოლერის ანგარიშზეა. ამასთანავე, მესიმ 2 საგოლე პასი მიითვალა. ის 35 წლის და 123 დღის ასაკში, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული მოთამაშეა, რომელმაც ერთ მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. მან „მაკაბისთან“ მატჩამდე ბოლოს ასეთი შედეგი 2019 წლის 29 ოქტომბერს „ბარსელონას“ რიგებში ესპანეთის ლა ლიგაში „ვალიდოლიდთან“ (5:1) დაპირისპირებაში აჩვენა.
მესიმ კარიერაში ჩემპიონთა ლიგასი 129 ბურთი გაიტანა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუს (140) ჩამორჩება. არგენტინის ნაკრების კაპიტანმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ში ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 თამაშში 11 გოლი მიითვალა და 12 საგოლე პასი გააკეთა.






