„კოპენჰაგენმა“ სევილიაში წააგო – ხოჭოლავამ ჯგუფური ეტაპი გაძევებით დაასრულა

0
30

„კოპენჰაგენმა“, რომელშიც დავით ხოჭოლავა გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში სტუმრად „სევილიასთან“ 0:3 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე სევილიელთა ნახევარზე ისკოს უკნიდან ფეხი წვივში ძალიან უხეშად ჩაარტყა – მსაჯმა ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენტთან გადამოწმების მერე წითელი გააძევა. შედეგად, ხოჭოლავამ ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩი ჩაატარა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. მეორე ტაიმის შუაწელში ანგარიშის გახსნის შანსი ჰარალდსონს ჰქონდა, რომელიც მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო უფრო ხელსაყრელი პოზიციიდან დაერტყა, მეკარისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდება მოინდომა, რაც არ გამოუვიდა.
61-ე წუთზე ისკოს გადაცემის შემდეგ ენ-ნესირიმ სტუმართა საჯარიმოში მცველს დაასწრო და თავით ანგარიში გახსნა – 1:0.
88-ე წუთზე ისკომ დანიელთა საჯარიმოს ხაზიდან შორეულ „ცხრიანში“ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა – 2:0.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე შორი მანძილიდან ერიკ ლამელას დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია და მონტიელმა ზუსტად დაამატა – 3:0.
“კოპენჰაგენი” 2 ქულით G ჯგუფში ბოლო ადგილზეა და ევროპა ლიგაში თამაშის შანსიც დაკარგა. ჯგუფს 11 ქულით “მანჩესტერ სიტი” ლიდერობს, რომელმაც სტუმრად დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატჩი 0:0 დაასრულა. 58-ე წუთზე მანჩესტერელებიდან რიად მაჰრეზმა თავისივე მოპოვებული პენალტი ვერ გამოიყენა. “სიტიში” მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლას დანიშვნის შემდეგ მანჩესტერელებმა 25-ე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანეს. “ბორუსია” 8 ქულით მეორეა, ხოლო “სევილია” 5 ქულით – მესამე.