ჩაკვეტაძის მორიგი საგოლე პასი – „სლოვანმა“ „ბაზელთან“ ქულები დაკარგა

0
35

გიორგი ჩაკვეტაძემ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე საგოლე პაის მიითვალა. მან „ბაზელთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც ბრატისლავას „სლოვანმა“ 2:0 მოიგო, თანაგუნდელებს ორჯერ გაატანინა, ხოლო იმავე შვეიცარიელებთან საშინაო მატჩში ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„სლოვანს“, რომლის შემადგენლობაში H ჯგუფის მე-4 ტურში სამიე ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა, 3 ქულის აღების რეალური შანსი ჰქონდა, მაგრამ უპირატესობა გაანიავა.
თამაშის 29-ე წუთზე აბენამ თავის საჯარიმოში მეტოქე წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი ბაზელელმა მალესმა გამოიყენა – 0:1. პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთებზე ჩაკვეტაძემ გრძელი და ზუსტი გადაცემით სტუმართა საჯარიმოში კუცკა მოძებნა, რომელსაც მილარი ეუხეშა და ამჯერად, შვეიცარიელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი ვაისმა გამოიყენა – 1:1. აქვე გეტყვით, რომ პირველ ტაიმში ჩაკვეტაძემ შორი მანძილიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და „ბაზელი“ გოლის გაშვებისგან ნახტომში მეკარემ იხსნა.
49-ე წუთზე ჩაკვეტაძემ მარჯვენა ფლანგიდან კუთხური ჩააწოდა და კუცკამ თავურით მასპინძლები დააწინაურა – 2:1. 53-ე წუთზე ბარსეგიანმა საუცხოო გადაცემით შვეიცარიელთა მეკარესთან პირისპირ ჩავრიჩი გაიყვანა, რომელმაც თავისი შანსი გამოიყენა – 3:1.
65-ე წუთზე „ბაზელის“ შეტევის დროს ბრატისლაველებმა თავის საჯარიმოში არადამჯერებლად ითამაშეს და დიუფმა თავით ანგარიში შეამცირა. 72-ე წუთზე მარჯვენა ფრთიდან ლანგის გადაცემის მერე ზექირიმ კაშიას დაასწრო და ვარდნაში ახლო კუთხეში გაიტანა – 3:3. აქვე გეტყვით, რომ კანკავამ მე-60 წუთზე უხეშობისთვის ყვითელი ბარათი მიიღო.
„ბაზელი“ 7 ქულით ჯგუფის ლიდერია, ხოლო „სლოვანი“ 5 ქულით მესამე ადგილზეა.
აგდამის “ყარაბაღმა”, სადაც ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, ევროპა ლიგის G ჯგუფის მე-4 ტურში საბერძნეთის “ოლიმპიაკოსს” უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 0:0. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მეკარე სათადარიგო იყო და არ უთამაშია.