გიორგი მამარდაშვილმა მიმდინარე სეზონში ესპანეთის ლა ლიგაში ჩატარებულ მატჩებში ყველაზე უხეში შეცდომა დაუშვა. მე-7 ტურში „ვალენსია“ სტუმრად „ესპანიოლს“ შეხვდა და დრამატულ შეხვედრაში ქულა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აიღო.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი ბრაუტვეიტს ჰქონდა, რომელმაც ბურთიანად გვარიანი მანძილი ირბინა და მისი სახიფათო დარტყმა მამარდაშვილმა გაანიეტრალა.
მატჩის 54-ე წუთზე გაიას ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ „ვალენსია“ გაბრიელ პაულისტამ თავური დარტყმით დააწინაურა. ორ წუთში ხოსელუმ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და შორეულ კუთხეში აუღებლად დაარტყა – 1:1.
ტაიმის შუაწელში სერხი დარდერი მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა, მაგრამ კარიდან გამოსულმა გოლკიპერმა არ გაატანინა, ხოლო „ესპანიოლის“ კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატების დროს, ახალგაზრდა ქართველმა ისევ საიმედოდ ითამაშა.
83-ე წუთზე დარდერი ბურთს მეტოქის ნახევარზე დაეუფლა და საჯარიმოსთან მიახლოებულმა „მოჭრილი“ დაარტყა – მამარდაშვილმა რატომღაც მოძრაობა მარჯვნივ გააკეთა, არადა, ტყავის სფერო მისგან მარცხენა კუთხეში გავიდა. ის ადგილზე რომ მდგარიყო, დიდი ალბათობით ბურთს მოიგერიებდა.
86-ე წუთზე სტუმრებს მარკოს ანდრე გაუძევეს, რომელიც ცდილობდა რომ მეტოქე ეიძულებინა ბურთი თამაში სწრაფად შეეყვანა და ხელი სახეში მიარტყა. მსაჯმა შეხვედრას 7 წუთი დაამატა. მეორე დამატებულ წუთზე უკვე ბრაიტვეიტი გააძევეს.
96-ე წუთზე კომერტმა მეტოქის კარისკენ მაღალი ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი, რომელსაც “ესპანიოლის“ გოლკიპერი უპრობლემოდ უნდა დაუფლებოდა, მაგრამ ალვარო ფერნანდესმა მიიჩნია, რომ დრტყმული უზუსტო იყო და გაატარა, რასაც საბოლოოდ ანგარიშის გათანაბრება მოჰყვა – 2:2.
გოჩა კაჭარავა





