იტალია A ლიგის პლეი-ოფშია, ინგლისის ყველაზე ცუდი შედეგი ბოლო 30 წელიწადში

0
39

იტალიის ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის A ლიგის ნახევარფინალში გავიდა. მე-3 ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში რობერტო მანჩინის გაწვრთნილი გუნდი სტუმრად ჯგუფი ლიდერ უნგრეთს შეხვდა და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა.
„სკუადრა აძურადან“ ანგარიში 27-ე წუთზე რასპადორიმ გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე დიმარკომ მასპინძლების კარი მეორედ აიღო. იტალიელებმა 11 ქულა დააგროვეს და 1 ქულით გაასწრეს მე-2 პოზიციაზე მყოფ უნგრელებს.
მანჩინი იტალიის ნაკრების სათავეში მოპოვებული გამარჯვებათა რაოდენობით არიგო საკის გაუთანაბრდა – 34 (55 მატჩში).
რეკორდი ლეგენდარულ ვიტორიო პოცოს ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელობით აპენინელებმა 95 თამაშიდან 63 მოიგეს, ხოლო მეორე პოზიციაზე ენცო ბეარზოტია – 88 შეხვედრაში 40 გამარჯვება.
უნგრელთა აწ უკვე ყოფილმა კაპიტანმა ადამ სალაიმ 34 წლის ასაკში სანაკრებო კარიერა იტალიასთან დაპირისპირების მერე დაასრულა. ის „მადიარებში“ 2009 წლიდან გამოდიოდა და 85 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
მე-3 ჯგუფში პარალელურად გამართულ შეხვედრაში ინგლისის ნაკრბი სახლში გერმანიასთან 0:2 აგებდა, მაგრამ საბოლოოდ შეხვედრა ფრედ დასრულდა – 3:3.
სტუმრები 52-ე წუთზე გიუნდოგანმა დააწინაურა, ხოლო ჰავერცმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 71-ე წუთზე შოუმ ერთი ბურთი გაქვითა და ოთხ წუთში მაუნტმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე კეინმა ინგლისელები დააწინაურა, 87-ეზე კი ჰავერცმა დუბლი მიითვალა.
ბოლო 30 წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ ინგლისმა ზედიზედ 6 თამაშიდან ვერცერთი მოიგო.
კეინმა ინგლისელთა მაისურით ჩატარებულ 75 მატჩში 51 გოლი გაიტანა და რუნის რეკორდამდე 2 ბურთი აკლია. თუმცა, რუნიმ თავისი ქვეყნის მაისურით 120-ჯერ ითამაშა.