საქართველოს ნაკრებმა C ლიგის ნახევარფინალი და B ლიგაში თამაში გაინაღდა

0
71

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C ლიგის მე-4 ჯგუფის ბოლოსწინა ტურში შინ ჩხრილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა და 13 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდა. ეს კი იმის მაუწყებელია, რომ ვილი სანიოლის შეგირდები ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას გააგრძელებენ და 2024 წლის გაზაფხულზე C ლიგის ნახევარფინალში ითამაშებენ – მეტოქე ბოლო ტურის შემდეგ გაირკვევა. გარდა ამისა, საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მომავალ გათამაშებაში B ლიგაში თამაში გაინაღდა. სანიოლმა ამჟამად კვიპროსის ნაკრების თავკაცის თემურ ქეცბაიას რეკორდი გაიმეორა და ზედიზედ 10 თამაში არ წააგო – 8 გამარჯვება და 2 ფრე. ქეცბაის დამოძღვრილმა გუნდმა 2010-2011 წლებში 5 მატჩი მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა.
ფრანგ სპეციალისტს ტაქტიკა არც ჩრდილოეთ მაკედონიასთან თბილისში ჩატარებულ მატჩში შეუცვლია და სამი ცენტრალური მცველი დააყენა – გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია და დავით ხოჭოლავა. მარჯვენა ფლანგს ოთარ კაკაბაძე აკონტროლებდა, ხოლო მარცხენას – გიორგი წიტაიშვილი. ნახევარდაცვის ცენტრში საყრდენებად გიორგი აბურჯანია და ნიკა კვეკვესკირი მოქმედებდნენ, ხოლო მათზე ოდნავ წინ – ზურიკო დავითაშვილი. თავდასხმის მარცხენა ფლანგიდან ხვიჩა კვარაცხელია უტევდა, ცენტრში კი ბუდუ ზივზივაძე მოქმედებდა.
გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან თამაშის დღეს მუცელი ატკივდა და ტემპერატურამ აუწია. გურამ კაშიამ ნაკრებში 99-ედ ითამაშა და ერთი შეხვედრა აკლია, რომ ლევან კობიაშვილის და ჯაბა კანკავას რეკორდი გაიმეოროს.
ანგარიშის გახსნამდე სტუმრები ბურთს უფრო ხშირად აკონტროლებდნენ და საქართველოს ნაკრებს შეტევის ორგანიზება უჭირდა – მაკედონიელთა შორის კაპიტანი ენეს ბარდი და ელმასი გამოირჩეოდნენ. 21-ე წუთზე სპიროვსკიმ შორი მანძილიდან სახიფათოდ დაარტყა და გიორგი მამარდაშვილმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში ბარდიმ საჯარიმოში დარტყმა შეასრულა და მამარდაშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა.
35-ე წუთზე აბურჯანიამ ბურთი მეტოქის ნახევარზე მოიპოვა და საჯარიმოში შესულმა სახიფათოდ დაარტყა – ბალკანელები გოლის გაშვებას დმიტრივესკიმ გადაარჩინა. თუმცა, კუთხური კვარაცხელიამ და დავითაშვილმა გაითამაშეს, რის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა კვარაცხელიამ კარის გასწვრივ ძლიერად დაარტყა, რის შემდეგ მიოვსკის ფეხიდან ბურთი კარში შევარდა – 1:0.
ამის შემდეგ ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები დაუეფლნენ და 39-ე წუთზე მარკვენა ფლანგიდან კაკაბაძის გადაცემის შემდეგ მაკედონიელთა საჯარიმოში მყოფ ზივზივაძის დარტყმული ბურთი დმიტრევსკიმ კუთხურზე მოიგერია. ცოტა ხანში, ზივზივაძემ ბურთი მაკედონიელ მცველს აართვა და საჯარიმოში შესულმა დარტყმა დააგვიანა, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ხელსაყრელი პოზიციიდან დავითაშვილმაც ვერ იხეირა. ტაიმის ბოლო წუთზე ზივზივაძე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნდან შევიდა და მახვილი კუთხიდან დაარტყა – ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
სტუმრებმა მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდათ, როდესაც სპიროვსკის კარგი გადაცემის მერე კართან ახლოს მდგომმა ელმასმა ძალიან კარგი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
49-ე წუთზე ხოჭოლავამ მარცხენა ფლანგიდან ცუდად გადაუტანა ბურთი საპირისპიო ფლანგზე კაკაბაძემ, რომელმაც თავით ცუდად ითამაშა და ალიოსკის საჯარიმოში ჩაწოდების მერე ელმასის თავური მამარდაშვილმა გაანეიტრალა. ორ წუთში თანაგუნდელის გრძელი პასის შემდეგ მიოვსკი პირისპირ დარჩა მამარდაშვილთან, მაგრამ ამ უკანასკნელმა კარი დროულად დატოვა და მაკედონიელის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია. სტანდარტულის გათამაშების შემდეგ ალიოსკიმ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
54-ე წუთზე კვარაცხელია ერთ მეურვეს გაცდა და საჯარიმოს მისადგომებიდან მისმა დარტყმულმა ბურთმა გვერდით ძელს სანტიმეტრებით ჩაუქროლა. 64-ე წუთზე ზივზივაძემ მოწინააღმდეგეს ბურთი მოედნის ცენტრში აართვა და საჯარიმომდე ირბინა, თუმცა იმის მაგივრად რომ თავად დაერტყა, პასი კვარაცხელიას გაუკეთა, რომელმაც მიმდინარე შესარჩევში თავისი მეოთხე გოლი გაიტანა, რის წყალობით, C ლიგის ბომბარდირობას თურქ დურსუნთან იყოფს. მან ნაკრებში 18-ჯერ ითამაშა და 9 გოლი გაიტანა – ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მე-10 ადგილზეა. კვარაცხელიამ დავით სირაძეს და გიორგი ქინქლაძეს გაასწრო. კვარაცხელიამ კარიერის განმავლობაში ერთა ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.
71-ე წუთზე ზივზივაძემ მოედნის ცენტრში მაკედონიელ მცველს ბურთი ისევ დასტყუა, შემდეგ ცრუ მოძრაობით მეორე ბალკანელიც ჩამოიტოვა და საკმაოდ გრძელი აჩქარების მერე დმიტროვსკისთან მარტო დარჩენილმა ვერ გაიტანა.
79-ე წუთზე ბარდი მამარდაშვილის კარს ისევ შორიდან დაემუქრა და „ვალენსიას“ მეკარეს ვერც ამჯერად აჯობა.
საქართველოს ნაკრებს თავის მოედანზე ზედიზედ 5 მატჩია არ წაუგია – 4 გამარჯვება და 1 ფრე. ბოლოს ჩვენი გუნდი შინ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 2021 წლის 9 ოქტომბერს საბერძნეთთან დამარცხდა – 0:2.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 სექტმებერს სტუმრად გიბრალტართან ჩაატარებს.
საქართველო – ჩრ.მაკედონია 2:0 (1:0)
23 სექტემბერი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
საქართველო:
 მამარდაშვილი, კვერკველია, კაშია (კ), ხოჭოლავა (ლოჩოშვილი 72), კაკაბაძე, აბურჯანია (მამუჩაშვილი 87), კვეკვესკირი, წიტაიშვილი (აზაროვი 72), დავითაშვილი (მექვაბიშვილი 78), ზივზივაძე (მიქაუტაძე 78), კვარაცხელია.
მთავარი მწვრთნელი:
ვილი სანიოლი.
ჩრ.მაკედონია: დიმიტრიევსკი, ზაიკოვი, მუსლიუ, ველკოვსკი (სერაფიმოვი 73), ალიოსკი, აშკოვსკი (ტოდოროვსკი 68), ბარდი (კ) (ელეზი 84), სპიროვსკი (ტრაიკოვსკი 68), ელმასი, მიოვსკი, მ. რისტოვსკი (ათანასოვი 73).
მთავარი მწვრთნელი:
ბლაგოია მილევსკი.
გოლები: 1:0 მიოვსკი (35, საკუთარ კარში), 2:0 ზივზივაძე (64)
გაფრთხილება:
მუსლიუ (14), ხოჭოლავა (29).
მთავარი მსაჯი:
ივან კრუჟლიაკი (სლოვაკეთი)