„ვალენსიას“ დამაჯერებელი გამარჯვება – მამარდაშვილის საუცხოო მოგერიება

0
62

„ვალენსიამ“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ესპანეთის ლა ლიგის მე-6 ტურში ვიგო „სელტა“ მიიღო და სამი ქულა აიღო.
მატჩის მე-16 წუთზე მასპინძლების კარს იაგო ასპასი დაემუქრა, რომელმაც საჯარიმო დარტყმა შეასრულა, მაგრამ მამარდაშვილმა მის კუთხეში წასული ბურთი მოიგერია.
24-ე წუთზე „ვალენსიას“ ანგარიშის გახსნა შეეძლო, როდესაც კუთხური ჩააწოდა და ვარდნაში დიაჰაბის მიერ დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 37-ე წუთზე ლინო მარცხენა ფლანგზე ერთ მცველს გაექცა, შემდეგ საჯარიმოში შესული მეორესაც გაცდა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, ხოლო მეკარის მოგერიებულ ბურთს სამუ კასტილეხომ დაამატა.
მე-60 წუთზე „სელტა“ კაცნაკლული დრჩა, რადგან ჩერვიმ ფეხი ძალიან უხესად ჩაარტყა კორეას და პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო. 72-ე წუთზე „სელტამ“ ჯარიმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა და ლარსენის თავურის შემდეგ საუცხოოდ ითამაშა მამარდაშვილმა, რომელმაც ნახტომში „ვალენსია“ გოლის გაშვებას გადაარჩინა.
მე-80 წუთზე მასპინძლების კონტრშეტევის დროს გაიამ „სელტას“ საჯარიმოში ორ მეტოქესთან ორთაბრძოლაში მაინც გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე მარკოს ანდრე, რომელმაც „ღამურები“ კიდევ უფრო დააწინაურა.
ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ვიგოელთა მცველებმა ბურთი ცუდად ამოიტანეს და გილამონის გამოზომილი გადაცემის შემდეგ ალმეიდამ საბოლოო წერტილი დასვა – 3:0.
მასპინძლებში დებიუტი ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდ ედისონ კავანის ჰქონდა, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.
„ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში მესამე მატჩი მოიგო და 9 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის მე-7 ტურში „ჟილ ვისენტემ“, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია გამოდის შინ „რიუ ავესთან“ 2:2 ითამააშა. აბურჯანია სასტარტოში ისევ ვერ მოხვდა და თამაშში 87-ე წუთზე ჩაერთო. „ჟილ ვისენტე“ 8 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-12 ადგილზეა.