„ნაპოლიმ“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გამოდის, ჯგუფურ ეტაპზე ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.
A ჯგუფის მეორე ტურში იტალიელები სტუმრად „გლაზგო რეინჯერსს“ შეხვდნენ და დამაჯერებელად გაიმარჯვეს – 3:0.
კვარაცხელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ ოფიციალურ მატჩში ყველაზე მეტი დრო დაჰყო – 90-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის დასაწყისში სახიფათო მომენტი ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ ვერც გლაზგოელები აიღეს მეტოქის კარი და ნეაპოლელებიც დამამთავარებელ ფაზაში არაზუტად ითამაშეს.
კვარაცხელია პირველი ტაიმის მიწურულს მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია, ერთ მეტოქეს გაცდა და შორეულ კუთხეში ბურთი სახიფათოდ, მაგრამ არაზუსტად „მოჭრა“.
მეორე ტაიმი დასაწყისში „რეინჯერსმა“ სტუმართა კართან ვითარება გაამწვავა, მაგრამ გლაზგოელმა ფეხბურთელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ცუდად დაარტყა. ამას „ნაპოლის“ შეტევა და მარცხენა მახვილი კუთხიდან ქართველის დარტყმა მოჰყვა, რომელიც შოტლანდიელთა მეკარემ გაანეიტრალა.
55-ე წუთზე ზელინსკის კარგი პასის მერე ჯოვანი სიმეონე მეკარესთან პირისპირ გადიოდა და სანდსმა წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა და „რეინჯერსის“ ფეხბურთელს მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა, რაც ავტომატურად წითელში გადაიზარდა. თერთმეტმეტრიანი ზელინსკიმ შეასრულა და მეკარე მაკგრეგორმა ბურთი მოიგერია, მაგრამ პოლიტანომ ზუსტად დაამატა. თუმცა, ესპანელმა არბიტრმა მარეო ლაოსმა დააფიქსირა, რომ პოლიტანო საჯარიმოში მანამდე შევიდა, ვიდრე ზელინსკი დაარტყამდა, რის გამო სტუმრებს პენალტის ახლიდან შესრულება მოუწიათ – ზელინსკიმა მაკგრეგორს ისევ ვერ აჯობა.
68-ე წუთზე კვარაცხელიას დარტყმის შემდეგ ბარიშიჩმა თავის საჯარიმოში ბურთი ხელით დაბლოკა, რის გამო მსაჯმა გლაზგოელთა კარში კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც პოლიტანომ გამოიყენა – 0:1.
85-ე წუთზე რასპადორიმ კარგად გაითამაშა „კედელი“ შოტლანდიელთა საჯარიმოში და შეტევა ზუსტი დარტყმით დაამთავრა – 0:2.
ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე „ნაპოლის“ კონტრშეტევას და ზამბო ანგისას ზუსტ გადაცემას ნდომბელეს გოლი მოჰყვა – 0:3.
„ნაპოლი: 6 ქულით A ჯგუფში გალიდერდა, სადაც 3 ქულით მეორე ადგილზე „ლივერპულია“, ხოლო „აიაქსი“ ამდენივე ქულით მესამე. „რეინჯერსი“ უქულოდაა და შესაბამისად ბოლოა.




