კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს

0
33

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ ნახსენები ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი legaseriea.it იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო გულშემატკივრებისგან serieapotm.easports.com-ზე ჩატარებულ გამოკითხვაში. მისი კონკურენტები პაულო დიბალა („რომა“), ტეუნ კუპმაინერსი („ატალანტა“), ლაუტარო მარტინესი („ინტერი“) და დუშან ვლახოვიჩი („იუვენტუსი“) იყვნენ.
კვარაცხელიას კუთვნილ ჯილდოს დღეს ნეაპოლში სტადიონ „დიეგო არმანდო მარადონაზე“ „სპეციასთან“ გასამართ მატჩამდე გადასცემენ.
თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მიღების 5 კანდიდატი Stats Perform-ის გაფართოებული ანალიზის საფუძველზე შეირჩა, რომელსაც მონაცემებს Hawk-Eye-ს სისტემა აწვდის. რეიტინგული სისტემა, რომელიც 2010 წელს K-Sport-ის მიერაა დაპატენტებული არა მხოლოდ სტატისტიკურ და ტექნიკურ მონაცემებს ითვალისწინებს, არამედ, პოზიციურსაც. ეს საშუალებას იძლევა ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტები გაანალიზდეს, როგორიცაა უბურთოდ მოძრაობა და შესაბამისად ოპტიმალური გადაადგილება, გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში წვლილის შეტანა, რაც ფეხბურთელის მარგი ქმედების კოეფიციენტის ობიექტურად და ხარისხიანად განსაზღვრის საშუალებას იძლევა.
აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად მიმდინარე სეზონის საწყისი 4 ტურის მონაცემები გაითვალისწინეს.
„ვულოცავ „ნაპოლის“ კვარაცხელიას თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებას. ქართველმა გარემარბმა ჩემპიონატზე გავლენა მაშინვე მოახდინა – საწყის ოთხ მატჩში გატანილი 3 გოლი და შედეგიანი პასი ნათლად მეტყველებს მის თამაშზე, რომელიც ნიჭზე, ტექნიკაზე და გაბედულებაზეა დაფუძნებული“ – განაცხადა სერია A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სერვომ.
შეგახსენებთ, რომ მანამდე კვარაცხელია აგვისტოს საუკეთესო მოთამაშედ იტალიის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ აღიარა.
ლაშა თაბაგარი