ედინსონ კავანი „ვალენსიაში“ ითამაშებს, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს. ურუგვაის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ის „ვალენსიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუშინ „ატლეტიკოსთან“ (0:1) საშინაო მატჩს თვალი ტრიბუნიდან ადევნა.
35 წლის კავანი „ვალენსიაში“ გადასვლამდე ბოლო 2 სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაატარა, სადაც ყველა ტურნირში ჩატარებულ 89 მატჩში 19 გოლი გაიტანა.
ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფორვარდს კარიერაში საუკეთესო პერიოდი ფრანგულ პსჟ-ში ჰქონდა, რომელშიც 2013-2020 წლებში გამოდიოდა და 301 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 200-ჯერ აიღო.




