აგდამის „ყარაბაღი“, რომელშიც მეკარე ლუკა გუგეშაშვილი გამოდის, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მიღმა დარჩა. პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანელები შინ ჩეხეთის პლზენის „ვიქტორიას“ უგოლოდ გაეყარნენ. საპასუხო შეხვედრაში აგდამელები 38-ე წუთზე ოზობოჩმა დააწინაურა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა. 58-ე წუთზე ჩეხებიდან საპასუხო ბურთი კოპიცმა გაიტანა და აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამ ეპიზოდში მეკარე მაჰამადალიევი ძალიან უხეშად შეცდა. 73-ე წუთზე „ყარაბაღის“ კარი კლიმენტმა აიღო და თავისი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე გაიყვანა. „ყარაბაღი“ ევროპა ლიგის ჯგუფში ითამაშებს.
გუგეშაშვილს, რომელსაც კარს აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში ანდობენ, არც ამჯერად უთამაშია, მაგრამ განაცხადში იყო და მე-19 წუთზე სათადარიგოთა სკამზე მყოფმა ყვითელი ბარათი მიიღო, რადგან მთავარი მსაჯის გადაწყვეტილება გააპროტესტა.
„ვიქტორიას“ და „მაკაბის“ გარდა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ლისაბონის „ბენფიკაც“ გავიდა, რომელმაც პირველი მატჩი სტუმრად კიევის „დინამოს“ 2:0 აჯობა, ხოლო სახლში – 3:0.





