ლაშა ნოზაძე: “ეს ბიჭები თავს არც რუმინეთში შეირცხვენენ”

0
51

თბილისის “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ ლაშა ნოზაძეს მიაჩნია, რომ მისი გუნდი თავს არც რუმინეთში შეირცხვენს. მან ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისში ბუქარესტის “სტიაუასთან” მოგებული (1:0) პირველი მატჩის მერე განაცხადა.
ლაშა ნოზაძე: “პირველ ყოვლისა, მინდა ფეხბურთელებს მადლობა მოვუხადო. ძალიან მაგარი ბიჭები არიან. საბურთალოში გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეები არიან და კიდევ ერთხელ მადლობა თავდადებისთვის. მაყურებლების თანადგომით მიზანს მივაღწიეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. მომენტები ორივე მხარეს იყო. ამით არაფერი დასრულებულა, წინ მძიმე ბრძოლა გველის. ერთს შეგპირდებით, რომ ეს ბიჭები არც რუმინეთში შეირცხვენენ თავს.
ვფიქრობ დღესაც და წინა შეხვედრაშიც დაინახეთ, რომ საბურთალოს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. გპირდებით, რომ ამას აუცილებლად გააკეთებენ, დანარჩენი თამაშზე გამოჩნდება. შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვცდილობთ მაქსიმუმი გავაკეთოთ.
ჯერ ვერ გეტყვით, შემდეგ თამაშზე რა ცვლილებებს გავაკეთებთ. ცოტას დავისვენებთ და მერე ვიფიქრებთ შემადგენლობაზე. ბათუმის დინამოს დღევანდელი მარცხი ჩემთვის მოულოდნელი იყო. პარტიზანთან პირველი ტაიმის შემდეგ ვიცოდით, რომ გორის დილა და დინამო თბილისი უკვე გავარდნილები იყვნენ. ბიჭებს ვუთხარი, რომ ქვეყანა უნდა გვესახელებინა და ფეხბურთელებმა ბოლომდე იბრძოლეს. ქართული გუნდების რეპუტაციისთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ”.