„საბურთალო“ მეორე ქართული გუნდია, რომელიც ევროთასებზე ბუქარესტის „სტიაუას“ დაუპირისპირდა. 2013 წელს უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „დინამო“ რუმინელებთან ორი მატჩის ჯამში დამარცხდა – „სტიაუამ“ თბილისში 2:0 მოიგო, ხოლო ბუქარესტში შეხვედრა 1:1 დასრულდა.
„საბურთალო“ „დინამოს“ შემდეგ პირველი ქართული გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის („სტიაუმ“ ჩემპიონთა თასი 1986 წელს მოიგო) გამარჯვებულს სძლია. ამასთანავე, ევროთასების წლევანდელ გათამაშებაში ლაშა ნოზაძის გაწვრთნილი გუნდი ერთადერთია, რომელმაც ორ შეხვედრაში გაიმარჯვა.
თბილისელების მოგება შემთხვევითი ნამდვილად არ ყოფილა, რადგან ბუქარესტელებს ტაქტიკურადაც აჯობეს, ტექნიკურად და ფიზიკურადაც. „საბურთალოს“ მეტად რომ გამართლებოდა, უფრო დიდი ანგარიშითაც მოიგებდა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ უშანსოდ არც სტუმრები იყვნენ.
მატჩის მე-11 წუთზე ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავამ მარცხენა ფრთიდან სტუმართა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ირაკლი სიხარულიძემ თავით დაარტყა და ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა. ამის შემდეგ, გოჩოლეიშვილმა, რომელიც მოედანზე ერთ-ერთ საუკეთესო იყო, მარჯვნიდან შეუტია და მისი გადაცემის შემდეგ „სტიაუას“ საჯარიმოში ვითარება კი გამწვავდა, მაგრამ თავად ფეხბურთელები ვერ გაერკვნენ და კარგი იერიში საბოლოო დარტყმით არ დასრულდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში გოჩოლეიშვილი სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, ორ მეტოქეს გაცდა და მახვილი კუთხიდან მის მიერ დარტყმული ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.
ამის შემდეგ „სტიაუას“ ჯერი დადგა, რომლის ფეხბურთელების სახიფათო შეტევას მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში ჩაწოდება მოჰყვა, სადაც კორდეამ მიიღო, რომლის დარტყმული ჯინჯოლავას რომ არ დაებლოკა, შესაძლოა მასპინძლებს პრობლემა შექმნოდათ.
იერიშს იერიშით უპასუხა გოჩოლეიშვილმა, რომლის ჩაწოდების შემდეგ, სიხარულიძემ თავით ხეირიანად ვერ დაარტყა. პირველ ტაიმში „სტიაუადან“ გოლის გატანის ყველაზე რეალური შანსი კორდეას ჰქონდა, რომელმაც კონტრშეტევა ძალიან სახიფათო დარტყმით დაასრულა და თორნიკე მეგრელიშვილმა ნახტომში გუნდი გოლის გაშვებისგან იხსნა.
მე-40 წუთზე „საბურთალოს“ შეტევა ლევან ნონიკაშვილმა დაიწყო და მარცხენა ფლანგზე ჯინჯოლავა მოძებნა, რომელმაც ბურთი თანაგუნდელს დაუბრუნა, ამ უკანასკნელმა კი საჯარიმო გარედან ზუსტი დარტყმით ეფექტური გოლი გაიტანა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში „საბურთალომ“ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და იური ტაბატაძემ პასი „სტიაუას“ საჯარიმოში სიხარულიძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით დაარტყა და რუმინელთა მეკარე ტამოკანუმ ფეხით თავისი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.
55-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ბუქარესტელთა ნახევარზე ორი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და ზუსტი პასი მისცა საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მდგომა სიხარულიძეს, რომელმაც შორეულ კუთხეში ჭკვიანურად, მაგრამ ოდანვ სუსტად დაარტყა და ბურთს ტამოკანუ დაეუფლა.
ამ მომენტიდან ორ წუთში რუმინელებში ყველაზე აქტიურმა კორდეამ პასი თბილისელთა საჯარიმოში კომანს მისცა, რომლსი დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 62-ე წუთზე „საბურთალოს“ მრავალსვლიანი კომბინაცია სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი გიორგი გულიაშვილის დარტყმით დასრულდა და ტამოკუმ ბურთი ხელში მეორე ცდაზე დააფიქსირა.
65-ე წუთზე საბურთალოელებმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგეს და კონტრშეტევამ კორდეამ დაასრულა, რომელსაც მარჯვენა მახვილი კუთხიდან მეგრელიშვილმა არ გაატანინა. ამას კომანის საჯარიმოს გარედან სახიფათო დარტყმა მოჰყვა და მეგრელიშვილმა ისევ იყოჩაღა. 72-ე წუთზე, მარცხნიდან ჯინჯოლავას ძალიან კარგი გადაცემის შემდეგ, „სტიაუას“ კარის წინ მყოფმა სიხარულიძემ თავით გოლის გატანის საუცხოო შანსი ხელიდან გაუშვა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 28 ივლისს ბუქარესტში გაიმართება.
„საბურთალო“ (თბილისი) – „სტიაუა“ (ბუქარესტი) 1:0 (1:0)
21 ივლისი. თბილისი. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“.
„საბურთალო“: მეგრელიშვილი; გოჩოლეიშვილი, კაკუბავა, ჩადუნელი, ჯინჯოლავა; ქარდავა (ო. მამაგეიშვილი 67), შ. ნონიკაშვილი; ტაბატაძე (გოშთელიანი 67), ლ. ნონიკაშვილი (გ. მამაგეიშვილი 83), გულიაშვილი; სიხარულიძე
მთავარი მწვრთნელი: ლაშა ნოზაძე.
„სტიაუა“: ტარნოვანუ; ჰარუცი (ოაიდა 86), დავა, ტამი, ოვ. პოპესკუ; სუტი, ედიუმა (კომანი 46); კორდეა (სტოიცა 86), ოლარუ, ოქ. პოპესკუ (მამუტი 69); ტანასე
მთავარი მწვრთნელი: ანტონ პეტრეა.
გოლი: 1:0 ლ. ნონიკაშვილი (41)
გაფრთხილება: ოლარიუ (22), ოქ. პოპესკუ (33), დავა (64), ჰარუცი (75), გოშთელიანი (89)
მთავარი მსაჯი: კაი ერიკ სტეენი (ნორვეგია).