ბათუმის “დინამოს” მთავარ მწვრთნელს გია გეგუჩაძეს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოზნანის “ლეხთან” დაპირისპირების ბედი ხვალინდელ მატჩში არ გადაწყდება. მან ამის შესახებ პოლონეთში გასამართი პირველი შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გია გეგუჩაძე: “საკმაოდ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ეტაპზე ჩვენც და ლეხიც დავმარცხდით, ვფიქრობ, ძალიან რთული თამაში გველოდება.
გამომდინარე იქიდან, რომ “ლეხი” საკმაოდ გამოცდილია და კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, გუნდურადაც ძალიან კარგად გამოიყურება.
ჩემპიონატში განვლილი პერიოდი კარგი არ იყო “ლეხისთვის” და ალბათ, მეტოქეს რეაბილიტაციაც სურს. პლუს ამას საკმაოდ დიდი სიცხეა და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რთული თამაში იქნება. არ მგონი, რომ ხვალ გადაწყდეს საბოლოო გამსვლელის ბედი. ეს ალბათ ორი თამაშის ჯამში მოხდება”.
“ლეხისა” და ბათუმის “დინამოს” თამაში პოზნანში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მთავარი ნიუსი გია გეგუჩაძე: “არ მგონი, რომ ხვალ გადაწყდეს საბოლოო გამსვლელის ბედი”