პოზნანის “ლეხის” ქართველ ლეგიონერ ნიკა კვეკვესკირს მიაჩნია, რომ მისი გუნდი ბათუმის “დინამოზე” უკეთესია. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანმა ამის შესახებ კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთში ბათუმელებთან გასამართი პირველი მატჩის წინ ისაუბრა.
„ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ, უფრო ხარისხიანი, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე. „სლოვანთან“ მატჩს ვუყურე და ბათუმის “დინამო” გამარჯვებას იმსახურებდა, უბრალოდ არ გაუმართლა და ძალიან კარგი გუნდია. „დინამოს“ თავისი სტილი აქვს, თამაშის ხედვა და ასეთ გუნდთან ბოლომდე დახარჯვაა საჭირო. იმედი მაქვს, ხვალ ქართული ფეხბურთისთვის კარგი დღე არ იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ გამარჯვება გვინდა (იღიმის).
საქართველოს ყოველთვის ჰყავდა ნიჭიერი ფეხბურთელები და ტექნიკურად ძალიან კარგი მოთამაშეები. ქართული ფეხბურთი სწორ გზაზეა, ფეხბურთის ფედერაცია კარგად მუშაობს, ეროვნულ ნაკრებს კარგი პერიოდი აქვს.
სამწუხაროა, რომ ხვალ ქართველების წინააღმდეგ ვთამაშობთ. ორივე გუნდისთვის რთული იქნება. ექსტრაკლასას ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა, ვიდრე საქართველოს, რომლის ჩემპიონი ბათუმის “დინამოა”. ეს არის გუნდი, რომელსაც დიდი ხანია ერთი მწვრთნელი ჰყავს, შესაბამისად, წლების განმავლობაში ერთნაირი თამაშის ხედვა და ტაქტიკა აქვს“.
“ლეხისა” და ბათუმის “დინამოს” დაპირისპირება პოზნანში თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
მთავარი ნიუსი ნიკა კვეკვესკირი: “ჩვენ უკეთესი გუნდი ვართ”