რობერტ ლევანდოვსკი კარიერას “ბარსელონაში” განაგრძობს. ეს ინფორმაცია მიუნხენის “ბაიერნის” პრესსამსახურმა დაადასტურა. კლუბები ტრანსფერის თაობაზე ზეპირად შეთანხმდნენ, ხოლო თავად ფეხბურთელმა ესპანურ გრანდთან პირადი კონტრაქტის დეტალები უნდა დააზუსტოს.
“ბაიერნისა” და “ბარსელონას” შეთანხმების შესახებ ინფორმაცია გერმანული კლუბის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა, კლუბის მმართველმა დირექტორმა ოლივერ კანმა და სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა დაადასტურეს.
გერმანული და ესპანური მედიის ინფორმაციით, “ბარსელონა” პოლონეთის ეროვნული ნაკრების კაპიტნის სანაცვლოდ “ბაიერნს” 45 მილიონ ევროს გადაუხდის, ხოლო კიდევ 5 მილიონი ბონუსის სახითაა გათვალისწინებული.
ლევანდოვსკი “ბაიერნში” 2014 წელს დორტმუნდის “ბორუსიადან” გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 375 მატჩში 344 გოლი გაიტანა.
მან მიუნხენელებთან ერთად გერმანიის ბუნდესლიგა 8-ჯერ მოიგო, გერმანიის თასს 3-ჯერ დაეუფლა, ხოლო 5-ჯერ გერმანიის სუპერთასი მოიპოვა. მან “ბაიერნის” შემადგენლობაში ერთად ერთხელ ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა.
33 წლის ფეხბურთელი პირველი პოლონელია, რომელიც “ბარსაში” ითამაშებს.