ბათუმის “დინამოს” პრეზიდენტმა არცილ ბერიძემ გუნდის ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. მისი განცხადება ბათუმელთა პრესსამსახურმა გაავრცელა.
არჩილ ბერიძე: “მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის, გამხნევებისთვის და სამაგალითო ქომაგობისთვის. პირველ რიგში მადლობა ჩვენს ერთგულ გულშემატკივარს, თითოეულ ბათუმელს, მუდამ ვამბობ და ვიტყვი: ეს გუნდი თქვენია და თქვენ საუკეთესოები ხართ!
მადლობა ფეხბურთელებს თავდაუზოგავი შრომისთვის, სამწვრთნელო შტაბს, ტექნიკურ პერსონალს და ყველას ვინც დინამო ბათუმის წარმატებისთვის ძალ- ღონეს არ იშურებს
გასული 5 წლის მანძილზე ბევრი გამარჯვება ვიზეიმეთ და იმედგაცრუებებიც არ გვაკლდა, მაგრამ უკან არასდროს დაგვიხევია, არც ახლა ვაპირებთ დანებებას და ჩვენს ოცნებებზე უარის თქმას.
რამდენი მცდელობაც არ უნდა დაგვჭირდეს, დინამო ბათუმი აუცილებლად ითამაშებს ევროთასებზე და ჩვენ ისევ დავწერთ ამ კლუბის ახალ ისტორიას”