„საბურთალოს“ მწვრთნელი: „შეგვწევს ძალა, რომ სტუმრად გავიმარჯვოთ“

0
14

„საბურთალოს“ მთავარ მწვრთნელ ლაშა ნოზაძეს მიაჩნია, რომ კონფერენს ლიგის პირველ ეტაპზე გორში ალბანურ „პარტიზანთან“ (0:1) მარცხის მიუხედავად, თბილისელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი აქვთ.
ლაშა ნოზაძე: „ძალიან დასანანი მარცხი იყო, პირველ ტაიმში უფრო სწრაფად უნდა გვეთამაშა, უფრო სწრაფი შეტევები გვქონოდა, რაც რამდენჯერმე გამოგვივიდა, თუმცა გოლის გასატანად საკმარისი არ აღმოჩნდა. მეორე ტაიმში წნეხის გაძლიერება ვცადეთ, თუმცა მეტოქის პირველივე შეტევა ჩვენს კარში გოლით დასრულდა, რამაც ცოტა აგვრია.
ამის შემდეგ თამაშის გამწვავებას შეცვლებით შევეცადეთ, რამდენიმე რეალური მომენტი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ და დავმარცხდით. თუმცა, ამ მატჩიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ მომავალ შეხვედრაში შანსი მაინც გვაქვს, შეგვწევს ძალა, რომ ჩავიდეთ სტუმრად და გავიმარჯვოთ. მიზანი უცვლელია – “საბურთალო” შემდეგ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს. ტირანაში მოსაგებად ჩავალთ.
პირველ ტაიმს ყველაზე მეტად გამამწვავებელი პასი აკლდა. კარშიც რამდენჯერმე დავარტყით, იყო ჩაწოდებები, შერბენები, თუმცა ბოლო პასი აშკარად არ გვქონდა. მეორე ტაიმში ვითარება, შედარებით, გამოსწორდა, რამდენიმე კარგი პასი გავაკეთეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, შექმნილი შანსები ვერ გამოვიყენეთ.
რასაც ველოდით, ისეთი გუნდი აღმოჩნდა. “პარტიზანი” კარგი კოლექტივია, ძალიან კარგი შემტევები ჰყავს, რომლებმაც ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. გოლიც გაგვიტანეს და ძალიან რეალური მომენტიც ჰქონდათ. მაგრამ, იმ ერთ ჩავარდნას თუ არ ჩავთვლით, ჩვენს დაცვის ხაზს ცუდად არ უთამაშია.
წინასწარ პროგნოზის გაკეთება არ მიყვარს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ვთქვი, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შესაძლებლობა ორივე გუნდს თანაბრად ჰქონდა. მაგრამ, აქ გამარჯვების შემდეგ, ვიტყვი, რომ უკვე შანსები 60:40 არის პარტიზანის სასარგებლოდ“.
„საბურთალო“ საპასუხო შეხვედრას „პარტიზანთან“ 13 ივლისს ტირანაში ჩაატარებს.