ბათუმის „დინამოს“ დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში ღირსეული აღმოჩნდა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში ბრატისლავაში ადგილობროვ „სლოვანს“ შეხვდა და მიუხედავად იმისა, რომ ტაიმზე მეტი 10 ფეხბურთელით ითამაშა, მოწინააღმდეგეს არაფერი დაუთმო.
ბათუმელებს ტრავმირებული ჯაბა ჯიღაური და გიორგი ზარია აკლდნენ, ხოლო თორნიკე გაფრინდაშვილმა და გუგა ფალავანდიშვილმა შეხვედრა დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვეს.
„სლოვანის“ სასტარტოში საქართველოს ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია და ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა იყვნენ, ხოლო ჩვენი ეროვნული გუნდის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სლოვაკების განაცხადში პირველად მოხვდა.
მატჩის მე-19 წამზე „დინამოს“ ნიგერიელმა შუახაზელმა ბენჟამინ ტეიდმა უხეშობისთვის ყვითელი ბარათი დაიმსახურა.
თამაშში პირველი სახიფათო მომენტი 31-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა მარცხენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და საუცხოო პასით მედვედევი კუპატაძეს შეატოვა – ახლო მანძილიდან სლოვაკის დარტყმული ბურთი ქართველმა მეკარემ კუთხურზე მოიგერია. სტანდარტული ისევ ვაისმა შეასრულა და სტუმრების საჯარიმოში მყოფმა ჟმრალმა მიწაზე დაუშვებლად ბურთი ძლიერად დაარტყა, მაგრამ ისევ კუპატაძემ იყოჩაღა.
38-ე წუთზე მამუკა კობახიძემ თავისი სააჯრიმოდან კარგად ვერ მოიგერია ბურთი, რომელიც კუცკამ დაახლოებით 20 მეტრიდან შეუჩერებლად ძლიერად დაარტყა და კუპატაძემ ნახტომში ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
42-ე წუთზე „დინამოს“ კაპიტანი კობახიძე მოედნის ცენტრში მეტოქეს ეუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამო, ბათუმელები მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ. ამის გამო. გეგუჩაძემ ნახევარმცველ ირაკლი ბიძინაშვილის ნაცვლად, მოედანზე მცველი გიორგი რეხვიაშვილი შეიყვანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს „სლოვანის“ კართან ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც ბრატისლაველთა მცველმა ცუდად მოიგერია და ბრაზილიელ ფლამარიონს ხელსაყრელი პოზიციიდან უფრო ზუსტად რომ დაერტყა, ანგარიში გაიხსნებოდა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში ბათუმელების კონტრშეტევის დროს ზურიკო დავითაშვილი ერთ მცველს გაექცა და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა და ჩოვანმა ხიფათი ნახტიმში გაანეიტრალა. „დინამომ“ შეტევაში აქტიური თამაში განაგრძო და ამჯერად, „სლოვანის“ მეკარემ ხელებში გრიგოლ ჩაბრაძის მიერ არცთუ ძლიერად დარტყმული ბურთი დააფიქსირა.
58-ე წუთზე მოედანზე ჩაკვეტაძე შევიდა, რომელმაც პირველივე შეხებით ძალიან კარგი პასი მისცა დინამოელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ მედვედევს, თუმცა კუპატაძე კარიდან დროულად გამოვიდა და სლოვაკს ზუტად არ დაარტყმევინა.
მას მერე რაც მოედანი ვლადიმირ ვაისმა დატოვა კაპიტნის სამკლავური ჯაბა კანკავამ გადაიბარა.
მატჩის მიწურულს მამუჩაშვილმა „სლოვანის“ ფეხბურთელს ბურთი მისსავე ნახევარზე აართვა და მათე ვაწაძის პასის მერე ძლიერად დაარტყა – ჩოვანმა თავისი გუნდი გოლის გაშვებისგან ნახტომში იხსნა.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი 13 ივლისს ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 სააათზე დაიწყება.
„სლოვანი“ (ბრატისლავა) – „დინამო“ (ბათუმი) 0:0
6 ივლისი. ბრატისლავა. სტადიონი „ტეჰელნე პოლე“.
„სლოვანი“: ჩოვანი, კაშია, დე მარკო (ჩაკვეტაძე, 58), მედვედევი, აბენა, კუცკა, კანკავა, ვაისი (კ), ჟმრალი, ბარსეგიანი (გრინი, 58), რამირესი (საპონიჩი, 58).
მთავარი მწვრთნელი: უფროსი ვლადიმირ ვაისი.
„დინამო“: კუპატაძე, ჩაბრაძე, კობახიძე (კ), აზაცკი, აზაროვი, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი, 44), ალთუნაშვილი, მამუჩაშვილი, ტეიდი, ფლამარიონი (რადინი, 72), დავითაშვილი (ვაწაძე, 72).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.
გაფრთხილება: ტეიდი (1), კობახიძე (26), კობახიძე (42), ბარსეგიანი (53), ჩაბრაძე (75).
გაძევება: კობახიძე (42).
მთავარი მსაჯი: დ. კოოტი (ინგლისი)
