თბილისის “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ ლაშა ნოზაძეს სჯერა, რომ მის გუნდს უეფას კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანეთის ტირანას “პარტიზანის” ბარიერის გავლა შეუძლია. მან ამის შესახებ ალბანელებტან ხვალ გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელსაც გუნდის ვიცეკაპიტანი იური ტაბატაძეც დესწრო.
ლაშა ნოზაძე:“ვიდრე “პარტიზანთან” მატჩზე ვისაუბრებდე, მინდა დღეს ბათუმის “დინამოსა” და ხვალ ყველა ქართულ კლუბს, ვინც ევროტურნირებზე თამაშობს, წარმატებები ვუსურვო. წარმატებული თამაში ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ჩვენს მზადებას – უკვე რამდენიმე დღეა შეკრებაზე ვართ გადასულები. მართალია, მეტოქე ტრადიციულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენი გეგმები და მიზნები გვაქვს. ვინც მინდორზე გავა სათამაშოდ, მაქსიმალურად დაიხარჯება და წარმატების მისაღწევად, არაფერს არ დაიშურებს. ორი თამაშის ჯამში უნდა გადავლახოთ ალბანური ბარიერი და შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.
ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. სასიამოვნოა, რომ დაგვიბრუნდნენ “საბურთალოს” აღზრდილი ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენენ – გურამ გოშთელიანი და გიორგი ჯინჯოლავა”.
– გუნდმა “კრისტალბეთ ეროვნული ლიგის” ბოლო ტურში, მოგება ბოლო წუთებზე დაკარგა. არადა, 87-ე წუთამდე ორ ბურთიანი სხვაობით იგებდით. რა შეცდომები იქნა დაშვებული და ალბათ გაანალიზებდით შეხვედრას…
– თამაში და ანგარიშიც ჩვენ მიგვყავდა, მაგრამ ბოლო წუთებზე სამწუხაროდ ორი გოლი გავუშვით. როგორც ჩანს კონცენტრაცია დავკარგეთ. ისიცაა, რომ ბოლო მატჩები გორში ძლიერ წვიმაში მოგვიწია და გარკვეულწილად ძალები ამანაც დაგვაკარგვინა, ვერ მოვასწარით ალბათ სრულად აღდგენა.
რა თქმა უნდა, შევისწავლეთ მატჩი, კარგად გავაანალიზეთ, მსგავსი შეცდომები მომავალში აღარ უნდა გავიმეოროთ.
– ხვალ, ‘საბურთალო” ალბანეთის “პარტიზანს” უმასპინძლებს. გუნდი სრულადაა დაკომპლექტებული?
– გუნდი ცოცხალი ორგანიზმია, ყოველთვის უნდა წერტილოვნად გაძლიერება. ამ ეტაპზე ამ ბირთვით ვითამაშებთ, დანარჩენს დრო გვიჩვენებს. გვქონდა მოლაპარაკება ორ უკრაინელ ფეხბურთელთან, ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო ყველაფერი, თუმცა უკრაინაში შექმნილმა მდგომარეობამ პრობლემები შექმნა და ვეღარ განხორციელდა ამ ფეხბურთელების დამატება. გვაქვს მოლაპარაკება ქართველ ფეხბურთელთანაც, ვნახოთ რა გამოვა.
– რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა “საბურთალო” რა ყო ამის მიზეზი?
– ვინც ბოლო დროს “საბურთალოს” დაემშვიდობნენ, ორმხრივი შეთანხმების შემდეგ მოხდა ეს ყოველივე. მინდა ამ ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო და მომავალში წარმატებები ვუსურვო.
– “საბურთალოს” საქართველოში ერთ-ერთი სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. არის თუ არა ეს დიდი უპირატესობა?
– რა თქმა უნდა, ეს უპირატესობაა და ჩვენთვის სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ. ყველაფერი მინდორზე გადაწყდება, თუმცა მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების და იმედია წარმატებით ვითამაშებთ.
– განიხილავდით მეტოქის თამაშს. რა არის პარტიზანის დადებითი მხარეები?
– ფიზიკურად ძლიერები არიან, ათლეტური გუნდია. გასული სეზონისგან შედარებით, ვფიქრობ სახეშეცვლილი გუნდი იქნება, რადგან 9 ახალი ფეხბურთელი ჰყავს. სლოვენიაში იყვნენ შეკრებაზე, რამდენიმე ამხანაგური მატჩი გამართეს, კარი შთაბეჭდილება დატოვეს. თუმცა, ოფიციალური და ამხანაგური მატჩები განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ, ჩვენ თამაშს ვეცდებით – უნდა ვაკონტროლოთ ბურთი და ბევრი პრობლემები შევუქმნათ მოწინააღდეგეს.
– ახლად მობრუნებული ფეხბურთელები, რამდენად კარგ სპორტულ ფორმაში იმყოფებიან?
– იცით, რომ გურამ გოშთელიანი “თელავში” თამაშობდა და კარგ ფიზიკურ კონდიციებშია. რაც შეეხება გიორგი ჯინჯოლავას, გარკვეული პერიოდი გაუცდა, მაგრამ უკვე კარგა ხანია ჩვენთან ვარჯიშობს და უკეთესობა შეიმჩნევა.
იური ტაბატაძე: “ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, ყველანი მობილიზებულები ვართ, კარგი განწყობაა გუნდში და ვეცდებით ჩვენთვის სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. ვიცით, რომ იოლი მატჩი არ გვექნება, მაგრამ გავალთ მინდორზე და მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ.
ვისარგებლებ შემთხვევით და ყველა ქართულ კლუბს ევროტურნირებზე წარმატებას ვუსურვებ. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გველის.
– რა შეგიძლიათ თქვათ “პარტიზანზე”?
– ევროსარბიელზე გამოცდილი გუნდია, თითქმის ყოველწლიურად ევროტურნირებზე თამაშობს. სუსტი გუნდი კონფერენს ლიგაზე არ არსებობს. ჩვენს თამაშს ვეცდებით და იმედია გავახარებთ ქართველ გულშემატკივრებს.
– გუნდს გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა ბოლო მატჩებში უკეთ წარმოაჩინეთ თავი. თავდაჯერებულობა დაგიბრუნდათ?
– თავდაჯერებულობა არც დაგვიკარგავს. ხდება-ხოლმე და მცირე ჩავარდნა ყველა გუნდს აქვს. გვაქვს შანსი, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ და გავახაროთ, როგორც “საბურთალოს”, ასევე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები.
