გიორგი მაკარიძე კარიერას ისევ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში განაგრძობს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ “პონფერადინასთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. მაკარიძე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პირველი ფეხბურთელია, რომელიც პონფერადინელებმა დაიმატეს. ის ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
32 წლის მაკარიძემ ბოლო 2 სეზონი “ალმერიაში” გაატარა, რომელიც წელს ლა ლიგაში დაბრუნდა. მან განვლილ სეზონში სეგუნდაში ერთხელ ითამაშა, ხოლო ესპანეთის თასზე 3 შეხვედრა ჩაატარა. არადა, 2019-2020 წლების სეზონში ის გუნდის პირველი გოლკიპერი იყო და 33 მატჩი გამართა. გასულ სეზონში “პონფერანდინამ” 22 გუნდში მე-8 ადგილი დაიკავა.
მაკარიძე “ალმერიამდე” თბილისის “დინამოში”, საფრანგეთის “ლე მანში”, კვიპროსის “დოქსაში”, პორტუგალიის “ფეირენსეში”, “მორეირენსეში”, “რიუ ავეში” და “ვიტორია სეტუბალში” გამოდიოდა. მან 2007 წლიდან დღემდე საქართველოს ნაკრებში 15-ჯერ ითამაშა.
