თბილისის ახალ გახსნილ სპორტის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონი დავამარცხეთ! მსოფლიო პირველობის შესარჩევი ეტაპის პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში საქართველოს ეროვნულმა გუნდმა ესპანეთის ნაკრებს 82:76 სძლია.
საქართველოს ნაკრებს კვლავ აკლდა გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი, მეტოქეს კი NBA-ს და ევროლიგის მოთამაშეები. ჩვენმა გუნდმა თამაში შემდეგი ხუთეულით დაიწყო: ანდრონიკაშვილი, მაკფადენი, სანაძე, შენგელია, შერმადინი. თავიდან სანაძის სამქულიანით დავწინაურდით, შემდეგ 5 წუთი შეტევაში ქულების აღება ვერ მოვახერხეთ და მეტოქე წინ გავიდა. აქედან მოყოლებული ჩვენი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობდა, შესანიშნავად ჩაერთო მატჩში ბექა ბექაური და პირველი მეოთხედი ქულით მოვიგეთ.
მეორე მეოთხედი საქართველოს ნაკრებმა კარგად დაიწყო და 5 ქულით დაწინაურება შეძლო. ესპანელთა მწვრთნელმა სკარიოლომ წუთშესვენება აიღო, თუმცა ამან მეტოქეს ვერაფერი ვერ უშველა და პირველი ტაიმი 6 ქულით მოვიგეთ.
მესამე მეოთხედი ესპანელების უპირატესობით წარიმართა, ქართველებმა მხოლოდ 7 ქულის აღება შეძლეს მეტოქის 16 ქულის საპირისპიროდ და 3 ქულით ჩამოვრჩით.
მეოთხე მეოთხედი საქართველოს უპირატესობით წარიმართა, თად მაკფადენმა შეძლო ესპანელთა დაცვისგან თავის დაღწევა და საქართველოს ნაკრებს მნიშვნელოვანი ქულები მოუტანა. საბოლოოდ მეოთხედი 23:20 მოვიგეთ, ანგარიში 67:67 გახდა და დამატებითი დრო დაინიშნა.
დამატებით დროში მატჩის გმირი 21 წლის რატი ანდრონიკაშვილი გახდა, რომელმაც ერთბაშად ორი სამქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ჩააგდო თად მაკფადენმაც და საქართველოს ნაკრებს ისტორიული გამარჯვება მოუტანა.
ყველაზე მეტი 18 ქულა გიორგი შერმადინმა ჩააგდო, ორმაგი დუბლით გამოირჩა თორნიკე შენგელია 12 ქულა და 10 მოხსნა (ჩვენი ნაკრების კაპიტანს 7 შედეგიანი გადაცემაც ჰქონდა), 17 ქულა გააკეთა რატი ანდრონიკაშვილმა.
საქართველოს ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მეორე ჯგუფურ ეტაპზე ორი გამარჯვებით გადავიდა, სადაც მეტოქეებად იტალიის, ჰოლანდიის და ისლანდიის ნაკრებები ელის.
მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა:
“პირველ რიგში ბედნიერი ვარ, თამაშით და ჩემი კალათბურთელებით, მათ ყველაფერი გააკეთეს. ძალიან აგრესიული დაცვა ვითამაშეთ და ხასიათი გამოვავლინეთ. ვულოცავ ყველა კალათბურთელს, ჩემს შტაბს, ექიმებს, რადგან ბევრი პრობლემა გვქონდა და ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მოთამაშეები მზად ყოფილიყვნენ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც აქ მოვიდნენ, ახალ დარბაზში პირველ თამაშზე და საოცარი ატმოსფერო გვაჩუქეს. მათგან უდიდესი მუხტი მივიღეთ. ბედნიერი ვარ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი დავამარცხეთ.
დღეს დილით ვიგრძენი, რომ მოვიგებდით, როცა დავინახე ქართველი მოთამაშეების თვალები, მათი სულისკვეთება, მივხვდი, რომ ერთად ბრძოლა და გამარჯვება შეგვეძლო.
საქართველო – ესპანეთი 82-76 (15-14, 22:17, 7:16, 23:20, 15:9)
საქართველო: ანდრონიკაშვილი (17), მაკფადენი (16), სანაძე (8), შენგელია (12+10 მოხსნა+7 პასი), შერმადინი (18); ბექაური (5+4 მოხსნა+4 დაფარება), ბურჯანაძე (3), ჯინჭარაძე (3), ბაქრაძე.
მთავარი მწვრთნელი: ილიას ზუროსი
ესპანეთი: კოლომი(0 ქულა+5 პასი), გერა(10+9 მოხსნა), ლოპეს-აროსტეგი(14+6 მოხსნა), პარა(11+6 მოხსნა), პრადილა(6+7 მოხსნა);ბრიზუელა (12), ბასასი (10), დიეზი (4), საიზი (4), ფერნანდესი (3), სიმა (2), ბარეირო (0).
მთავარი მწვრთნელი: სერჯო სკარიოლო