გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბრატისლავას “სლოვანში” განაგრძობს, რის შესახებ სლოვაკური კლუბის პრესსამსახური იუწყება. ბრატისლაველებმა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი ბელგიის “გენტიდან” ერთწლიანი იჯარით აიყვანა.
ჩაკვეტაძე ბრატისლაველთა მესამე ქართველი ლეგიონერია ნაკრების კაპიტან მცველ გურამ კაშიასთან და ეროვნული გუნდის ვიცეკაპიტან ნახევარმცველ ჯაბა კანკავასთან ერთად. ის ახალ კლუბში 70-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გიორგი ჩაკვეტაძე: “სლოვანის” შესახებ საუცხოო რეკომენდაცია მივიღე გურამ კაშიასგან და ჯაბა კანკავასგან, რომლებსაც ნაკრებიდან ვიცნობ. ისინი ძალიან კარგი მოთამაშეები არიან, მაგრამ არა მხოლოდ მათთან, არამედ დანარჩენ თანაგუნდელებთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდები.
ასევე ვიცნობ გუნდის მთავარ მწვრთნელ ვლადიმირ ვაისს, რომლის ხელმძღვანელობით ნაკრებში თამაში დავიწყე. ვიცი ის მოთამაშეებისგან რას ითხოვს და როგორი ფეხბურთი მოსწონს. “სლოვანში” იმ მიზნით მოვედი, რომ გუნდს როგორც საშინაო, ასევე ევროპულ არენაზე დავეხმარო. თავს ყველაზე კარგად შემტევი ნახევარმცველი ე.წ. “ათიანის” პოზიციაზე ვგრძნობ, მაგრამ მარცხნიდან თამაშიც შემიძლია. მოუთმენლად ველოდები “სლოვანში” ვარჯიშის დაწყებას და ამ სტადიონზე თამაშს”- განაცხადა ჩაკვეტაძემ ოფიციალური წარდგენის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “სლოვანი” საქართველოს ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება. ბრატისლაველები პირველ მატჩს 6 ივლისს შინ ჩაატარებენ, ხოლო საპასუხო შეხვედრა 13 ივლისს სტუმრად ბათუმში გაიმართება.
მთავარი ნიუსი ჩაკვეტაძე “სლოვანის” მესამე ქართველია