ილიას ზუროსი: “ესპანეთთან რეაბილიტაცია უნდა მოვახდინოთ”

0
56

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მეორე მატჩი წააგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილი ჩვენი გუნდი ლატვიის დედაქალაქ რიგაში უკრაინასთან დამარცხდა. მოგეხსენებათ, საომარი მოქმედებების გამო უკრაინა საშინაო თამაშებს საკუთარ ქვეყანაში ვერ ატარებს და ამ ქვეყნის კალათბურთის ფედერაციამ საქართველოს სამასპინძლოდ რიგა შეარჩია.
ეს გახლდათ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი უშედეგო თამაში ბოლო წლებში. ილიას ზუროსის გუნდმა უკრაინელებთან ტოლ-სწორად მხოლოდ პირველი პერიოდი ითამაშა, რომელსაც 6 ქულით იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 20:23 დამარცხდა. ამის შემდეგ დაიწყო შეცდომები როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ქართველებს არც საჯარიმოებისას უმართლებთად: პირველ ნახევარში ორივე საჯარიმო ვერც ერთი მცდელობისას ვერ გამოვიყენეთ.
„წავაგეთ, ეს იყო ჩვენი ცუდი თამაში, რომელშიც მოგებას არ ვიმსახურებდით – ამ სიტყვებით მიმართა ილიას ზუროსმა მატჩის შემდეგ ჩვენს კალათბურთელებს გასახდელში და დასძინა – თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წუთს, ჩვენ კალათბურთი ვერ ვითამაშეთ. რასაც ჰქვია კარგი, გააზრებული, შედეგიანი კალათბურთი. გვაკლდა კონცენტრაცია, დაცვაში საზრიანად ვერ ვმოქმედებდით და დავმარცხდით. თუმცა ეს არაა ტრაგედია, წინ ესპანეთთან მატჩი და განსაკუთრებულად დატვირთული ზაფხული გველის. ეს იყო მატჩი, რომელიც ვერ ვითამაშეთ, მაგრამ სწორედ ეს უნდა გამოვიყენოთ საიმისოდ, რომ მომავალ მატჩში შედეგს მივაღწიოთ. სწორი დასკვნები უნდა გავაკეთოთ და ესპანეთთან მატჩამდე რეაბილიტაცია მოვახდინოთ”.
საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში, შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მიეცა შანსი, როცა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა, თუმცა უკრაინელებმა სწრაფადვე შედეგიანი შეტევებით გვიპასუხეს და მატჩი ისე დასრულდა, ვითარება არ დაძაბულა – 79:66 უკრაინელების სასარგებლოდ. ჩვენს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 21 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა. თად მაკფადენმა 22 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა, დუდა სანაძის ანგარიშზე 8 ქულა დაგროვდა, გიორგი შერმადინმა კი 7 ქულასთან ერთად 11 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ნაკრები მატჩის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში წავიდა და  ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს.