ილიას ზუროსი: “იმედია, ყველაფერი კარგად წარიმართება და მოვიგებთ”

0
56

უკრაინასთან მატჩის წინა დღეს საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა რიგის ოლიმპიურ ცენტრ Rimi-ში ივარჯიშა. ილის ზუროსის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩს პირველ ივლისს, “რიგა არენაზე” გამართავს, სადაც წინა დღეს ლატვიამ სერბეთს უმასპინძლა და ამიტომ, უკრაინასაც და საქართველოსაც იქვე მდებარე ოლიმპიური ცენტრის დარბაზში მოუწია ვარჯიშმა.
როგორც ხდება ხოლმე, მატჩის წინა დღეს ილიას ზუროსმა გუნდი ძირითადად კომბინაციების დამუშავებაზე ავარჯიშა. ჩვენი გუნდის წევრები ხან ცალ ფარში, ხანაც მთელს მოედანზე ათამაშებდნენ ნაირგვარი სახის დაცვით და შეტევით კომბინაციებს. ვარჯიშმა დაახლოებით საათნახევარი გასტანა. ჩვენი ნაკრების წევრები სასურველ ფორმაში არიან. გიორგი ცინცაძე, რომელმაც მძიმე ტრავმა გადაიტანა და მთელი სეზონი გაუცდა, ფორმას სწრაფი ტემპებით უბრუნდება.
საქართველოს ნაკრები რომ ვარჯიშობდა, გვერდზე მდგარ მაყურებლებით მთლიანად სავსე “რიგა არენაზე” ლატვიამ სერბეთს თამაში შემოუტრიალა და საბოლოოდ დამაჯერებლად დაამარცხა. პირველ ივლისს ეს ათიათასიანი არენა სავსე არ იქნება, როცა უკრაინა საქართველოს უმასპინძლებს. გამარჯვება ორივე გუნდს ჰაერივით სჭირდება, რადგან საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ეტაპზე დამატებითი ქულები წაიყოლოს.
ილიას ზუროსი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“დავასრულეთ მზადება უკრაინასთან მატჩისთვის. კმაყოფილი ვარ ყველა მოთამაშის შრომით, რაც მათ ამ დღეებში გასწიეს. კმაყოფილი ვარ კონცენტრაციით, მოგების წყურვილით. მძიმე მატჩი იქნება ძალიან ძლიერი გუნდის წინააღმდეგ – გუნდის, რომელსაც შეუძლია პერიმეტრიდან ჩაგდება. ამასთან, აქვს დიდი სიმაღლე ფარქვეშ. თუმცა, ჩვენი კალათბურთელები 100 პროცენტით დაიხარჯებიან. ბრძოლისუნარიანები ვართ. ეს მოგება გვჭირდება მომდევნო ეტაპისთვის. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად წარიმართება და გამარჯვებას მივაღწევთ”.
თად მაკფადენი (საქართველოს ნაკრების კალათბურთელი):
“ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ვეთამაშებით ორ ძალიან კარგ გუნდს. ორი ძალიან კარგი ტესტი იქნება ჩვენთვის, რაც თამაშის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ორი თამაშის მოგება გვინდა, რომ მომდევნო ეტაპს უკეთესი სატურნირო მდგომარეობით შევხვდეთ”.
უკრაინისა და საქართველოს მატჩი “რიგა არენაზე” თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებს. საქართველოს ნაკრები მატჩის შემდეგ პირდაპირ სამშობლოში გამოემგზავრება და 4 ივლისს, ახალაშენებულ “თბილისი არენაზე” ესპანეთს უმასპინძლებს.