თემურ ქეცბაია კვიპროსის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციის პრესსამსახურის ინფორმაციით ქართველმა სპეციალისტმა კონტრაქტი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლომდე გააფორმა. კვიპროსული მედიის ინფორმაციით, მისი ხელფასი წელიწადში 200000 ევრო იქნება. ქეცბაიას კვიპროსის ნაკრებში სოსო ჭედია დაეხმარება, რომელიც წლების განმავლობაში მისი თანაშემწეა.
54 წლის ქეცბაია 2004-2007 წლებში „ანორთოსისის“ მოთამაშე-მწვრთნელი იყო, ხოლო 2007-2009 წლებში მთავარი მწვრთნელი. ის ფამაგუსტურ კლუბში 2019 წელს დაბრუნდა. მან „ანორთოსისს“ 2005 და 2008 წლებში კვიპროსის ჩემპიონატი მოაგებინა, ხოლო 2021 წელს კვიპროსის თასი.
ქეცბაიას ხელში „ანორთოსისი“ პირველი კვიპროსული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა – 2008-2009 წლების სეზონში.
ქეცბაია 2009-2014 წლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.
მთავარი ნიუსი ოფიციალურად: ქეცბაია კვიპროსის ნაკრების მწვრთნელია