გეგუჩაძის გუნდმა თბილისის „დინამოს“ შანსი არ დაუტოვა – კვარაცხელია გააცილეს

0
21

ლიდერთა მატჩში ბათუმელები ინიციატივას თავიდანვე დაეუფლნენ და მარჯვენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეჭრილი გრიგოლ ჩაბრაძის გადაცემის შემდეგ ზურიკო დავითაშვილის თავით დარტყმული ბურთი ესპანელმა მეკარე პრიეტომ მოიგერია. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში მასპინძლების კონტრშეტევის დროს, ჯაბა ჯიღაურმა პასი სტუმართა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ ირაკლი აზაროვს გაუკეთა, რომლის დარტყმის მერე ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
მე-17 წუთზე, დაახლოებით 20 მეტრიდან ზურიკო დავითაშვილმა დაარტყა და თბილისელთა საჯარიმოში მყოფმა ბრაზილიელმა ფლამარიონმა მიმართულება შეუცვალა ბურთს, რომელიც პრიეტო კარში აღმოჩნდა – 1:0.
მე-20 წუთზე ოსეი ბარნსი მარჯვენა ფრთაზე აზაროვს გაექცა და საჯარიმოში მისი ჩაწოდების შემდეგ, გიორგი მოისწრაფიშვილმა თავით დაარტყა და ბურთ ხაროხამ აისხლიტა.
25-ე წუთზე, სანდრო ალთუნაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრიდან წამოიღო, გზად ოსეი ბარნსს გასცდა და მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:0. 27-ე წუთზე, შეტევაში ჩართული ნიკა მალი ერთ მეტოქეს გვერდი აუარა და საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა – კუპატაძემ ბურთი ნახტომში უკუაგდო. 38-ე წუთზე, ვლადიმერ მამუჩაშვილმა საჯარიმო დარტყმის შესრულები დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა, სადაც ყველას უკრაინელმა ოლექანდ აზაცკიმ დაასწრო და თავით დაარტყა – თბილისელები კიდევ ერთი გოლის გაშვებისგან პრიეტომ იხსნა. 43-ე წუთზე, დავითაშვილმა მარჯვნიდან კუთხური ჩააწოდა და თბილისელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა აზაცკიმ მოიგო, ხოლო კართან ახლოს მყოფმა ბენჟამინ ტეიდმა თავით შეაგდო – 3:0.
შესვენებაზე ბათუმელ გულშემატკივრებს, რომელთაც ტრიბუნები ბოლომდე შეავსეს, ხვიჩა კვარაცხელია დაემშვიდობა, რომელის კარიერას „ნაპოლიში“ განაგრძობს. მან ქომაგებს მადლობა გადაუხადა და თავის აწ უკვე ყოფილ გუნდს წარმატება უსურვა. „შავი ზღვის პირატებმა“ კვარაცხელიას სამახსოვროდ 12-ნომრიანი მაისური გადასცეს.
58-ე წუთზე, კუპატაძემ ცუდად შეიყვანა თამაშში ბურთი, რომელიც მოწინააღმდეგის ფეხბურთელმა ჩაჭრა, ხოლო უკრაინელმა სტანისლავ ბილენკიმ ერთი შეხებით პასი გაუკეთა შესვენებაზე შეცვლაზე შესულ დავით სხირტლაძეს, რომელმაც ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ანგარიშის შემცირება მინიმუმამდე შეეძლო, მაგრამ ბილენკის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული კუპატაძემ გაანეიტრალა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე დავითაშვილმა ერთ მოწინააღმდეგეს გვერდი აუარა და საჯარიმოს ხაზიდან საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:1. დარჩენილ დროში გოლის გატანის შანსი ბელარუს დმიტრი ანტილევსკის ჰქონდა, რომლის თავურის მერე კუპატაძემ ისევ მაღალ დონეზე ითამაშა. მატჩის მიწურულს ბათუმელთა შემადგენლობაში მათე ვაწაძის დებიუტი შედგა, რომელმაც მიმდინარე სეზონი “გაგრაში” დაიწყო.
გია გეგუჩაძის თავკაცობით ბათუმის „დინამო“ ზაფხულის შესვენებაზე 47 ქულით და ლიდერის რანგში გავიდა. მომდევნო შეხვედრას შავიზღვისპირელები უკვე 5 ივლისს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად სლოვაკეთის ბრატისლავის „სლოვანთან“ ჩაატარებენ.
თბილისის „დინამო“ 38 ქულით მეორე ადგილზეა და 7 ივლისს კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თავის მოედანზე ესტონეთის „პაიდეს“ შეხვდება.
კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-20 ტურის კიდევ 2 თამაში 2 ივლისს შედგება, ხოლო შემდეგ ჩემპიონატი 13 აგვისტოს განახლდება.