არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი კარლოს ტევესი „როსარიო სენტრალის“ მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ Diario Ole იუწყება.
„მე გადავწყვიტე, რომ მწვრთნელი ვიქნები. ამჟამად, ძალიან აღელვებული ვარ. მწვრთნელობის ახლავე დასაწყებად მზად ვარ“ – თქვა 38 წლის ტევესმა, რომელმაც კარიერა ოფიციალურად 4 ივნისს დაასრულა.
ტევესი კარიერის განმავლობაში „ბოკა ხუნიორსში“, „კორინთიანსში“, „ვესტ ჰემში“, „მანჩესტერ იუნაიტედში“, „მანჩესტერ სიტიში“, „იუვენტუსში“ და „შამხაი შენხუაში“ გამოდიოდა. მისი ბოლო კლუბი „ბოკა“ იყო, საიდანაც შარშან ზაფხულში წავიდა.
ტევესმა ინგლისის პრემიერ ლიგა 3-ჯერ მოიგო – 2-ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, ხოლო ერთხელ – „მანჩესტერ სიტის“. მან „იუნატედთან“ ერთად 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა. ტევესი „იუვენტუსის“ შემადგენლობაში იტალიის ჩემპიონი ორჯერ გახდა. ის არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში ათენის 2004 წლის ოლიმპიადის გამარჯვებულია.
ტევესმა საკლუბო კარიერის განმავლობაში ყველა ტურნირში 746-ჯერ ითამაშა და 308 გოლი გაიტანა. ის არგენტინის ეროვნული გუნდის ღირსებას 2004-2015 წლებში იცავდა და 76 შეხვედრაში თავი 13-ჯერ გამოიჩინა.
„როსარიო სენტრალი“ სამ ტურში მოპოვებული 2 ქულით არგენტინის ჩემპიონატში 26-ე ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





