“თელავის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭელიძემ კლუბის პრესსამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდის ფეხბურთელების მონდომება და საქმისადმი ერთგულება მუშაობას უადვილებს.
– ორკვირიანი სანაკრებო პაუზის შემდეგ საკმაოდ რთულ და ძლიერ მეტოქესთან ვითამაშეთ – შევაფასოთ “დილასთან” მატჩი?
-შესვენების შემდეგ ყოველთვის რთულია პირველი თამაში, მითუმეტეს ძლიერ მეტოქესთან საკუთარ მოედანზე და საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ. ვთვლი, რომ ეს სანაკრებო პაუზა და მოსამზადებელი პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენეთ და გუშინ “დილასთან” კარგადაც ვითამაშეთ – რაც მთავარია, გოლი არ გავუშვით და ძლიერ მეტოქესთან ძალიან მნიშვნელოვანი ქულა ავიღეთ. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ მოგვეგო, თუმცა “დილა” მართლაც კარგი და ძლიერი გუნდია, ხარისხიანი ლეგიონერებიც ჰყავს და იმედია, მათთან ნათამაშევი ფრით ჩვენი გულშემატკივრები უკმაყოფილო არ დარჩენილან. აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, რომლებიც მუხლჩაუხრელად შრომობენ, საოცრად მონდომებულები და თავიანთი საქმის, გუნდის ერთგულები არიან. ეს ყოველივე კი მეც მიადვილებს მათთან მუშაობას და ამისთვის ბიჭების მადლიერი ვარ.
-ჩვენი გუნდის ხასიათი მინდორზე ნათლად ჩანს – ბრძოლა ბოლომდე! თქვენც აქტიურად ხართ ჩართული თამაშში და ზურგს გულშემატკივრების ქომაგობა და ტრიბუნებზე შექმნილი ატმოსფეროც გიმაგრებთ…
-ჩვენი გუნდის ხასიათი ყოველთვის ასე იქნება, იმიტომ, რომ თვითონ ბიჭები არიან ბუნებით მებრძოლები. არ სჭირდებათ შეხსენება, მაგრამ მაინც ვთხოვ, რომ ყოველთვის დაიხარჯონ მაქსიმალურად მოედანზე, იქნება ეს სავარჯიშო პროცესი თუ თამაში – მარტივია, როგორაც მიუდგები საქმეს, ისეთ შედეგსაც მოიმკი, სხვანაირად არ არსებობს და ვინც არ დაიხარჯება ბოლომდე, ჩვენს გუნდში უბრალოდ, ვერ იქნება. რაც შეეხებათ გულშემატკივრებს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ძალიან ამაყი და ბედნიერი ვარ, რომ ვარ “თელავში”, ვმუშაობ ამ გუნდისთვის და ასეთი მაგარი ქომაგების წინაშე გამოსვლა ჩემთვის ძალიან დიდი პატივია. დიდი მადლობა თელაველ გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის და მხარდაჭერისთვის.
-სამწუხაროდ, ოთხი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს – მარაქველიძე, ქანთარია, ფირანაშვილი და კოხრეიძე. მათი მდგომარეობა როგორია?
-რა თქმა უნდა, რთულია, როდესაც წამყვანი ფეხბურთელები ტრავმების გამო ვერ გვეხმარებიან, თუმცა საბედნიეროდ, მათი რეაბილიტაციის პროცესი საკმაოდ კარგად მიმდინარეობს და იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდებიან – სავარაუდოდ, ივლისში უკვე გუნდთან ერთად იქნებიან.
-წინ კიდევ სამი რთული მატჩი გველის უშუალო კონკურენტებთან და მერე ისევ პაუზა, ამჯერად ერთთვიანი შესვენება…
-გეთანხმებით, “საბურთალოსთან”, “ლოკომოტივთან” და “სიონთან” მართლაც რთული თამაშები გველის, არ არსებობს ჩემპიონატში იოლი მატჩები და ჩვენც ყველანაირად ვეცდებით, რომ ამ შეხვედრებში ქულათა მაქსიმუმი ავიღოთ.
-ცოტაც და სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება – “თელავს” კიდევ უფრო გაძლიერება ნამდვილად არ აწყენდა და ალბათ, უკვე შერჩეულიც გყავთ სასურველი ფეხბურთელები…
-რა თქმა უნდა, შემუშავებული გვაქვს მონახაზი და აუცილებლად შევეცდებით, რომ გუნდი გავაძლიეროთ და წერტილოვანი სელექცია განვახორციელოთ – ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ჯერ არ ვფიქრობ მაგაზე, იქამდე ჩვენი საფიქრალი ის მომავალი სამი თამაშია, რომელიც წინ გველის.





