საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა, „საბურთალოს“ აკადემიას ესტუმრა, სადაც ბავშვობის დიდი ნაწილი გაატარა და მოზარდ ბავშვებს მასტერკლასი ჩაუტარა. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში ხოჭოლავამ „საბურთალოს“ ფეხბურთელებთან ერთად ივარჯიშა და სრულიად გაიზიარა ის პოზიტიური ატმოსფერო, რომელიც ამ დროის განმავლობაში მინდორზე სუფევდა.
მანამდე კი, „ბენდელას“ სტადიონის საკონფერენციო დარბაზში ერთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი – ამიერიდან, დათი ხოჭოლავა დანიაში სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ელჩი იქნება.
ტარიელ ხეჩიკაშვილი (სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი): „მნიშვნელოვან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ეს ჩემთვის სასიამოვნო ფაქტი და მადლიერების ჟესტია, რომ „საბურთალოს“ ერთ-ერთმა წარმატებულმა აღზრდილმა ფეხბურთელმა, თავის კლუბს მადლობა ასე გადაუხადა. მომავალში, ახალი საშუალება მიეცემა ჩვენს სპორტსმენებს, რომ მიიღონ მონაწილეობა დანიაში გამართულ ტურნირებზე, ასევე დანიელი ახალგაზრდები ჩვენს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ტურნირებზე ითამაშებენ. გარდა ამისა, ნიჭიერი და წარმატებული ბავშვები ევროპაში გაივლიან სტაჟირებასა და დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ეს თანამშრომლობა ქართული ფეხბურთის სიძლიერესაც წაადგება“.
დავით ხოჭოლავა (საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი): „ძალიან კარგი კავშირები მაქვს დანიაში, განსაკუთრებით კი „კოპენჰაგენის“ ხელმძღვანელობასთან. ამ ურთიერთობებს გამოვიყენებ და ვფიქრობ ნაყოფიერი პროექტი იქნება. მაქსიმალურად დავუდგები გვერდში ფონდსა და ახალგაზრდა სპორტსმენებს.
„საბურთალოს“ აკადემიაში სტუმრობა ჩემთვის ორმაგად სასიამოვნოა. ახლა ბავშვობა გამახსენდა. მეც წლების წინ, სწორედ ამ აკადემიაში დავდიოდი, ის დრო ძალიან კარგად მახსოვს. „საბურთალო“ ერთ-ერთი წარმატებულია საქართველოში. ახლანდელ ნაკრებში ამ აკადემიის რვა ფეხბურთელია წარმოდგენილი, რაც ძალიან დიდი მაჩვენებელია“.






