საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია.
დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ გია გეგუჩაძის გუნდი ბრატილავის “სლოვანს” შეხვდება, რომელსაც საქართველოს ნაკრების ექსთავკაცი ვლადიმირ ვაისი წვრთნის, სლოვაკთა ჩემპიონის რიგებში კი გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 5/6 ივლისს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 12/13 ივლისს.
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა ხვალ გაიმართება.
პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემთხვევაში, ბათუმელები მეორე ეტაპზე თამაშთან ერთად, ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრას გაინაღდებენ, სადაც დამარცხების შემთხვევაში კონფერენს ლიგის პლეი-ოფში იასპარეზებენ.
პირველ ეტაზე წარუმატებლობის შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონები კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გადაერთვებიან.





