ზარანდია „კორონასთან“ ერთად ექსტრაკლასაში გადავიდა

0
18

კიელცეს „კორონა“, სადაც 2021-2022 წლების სეზონის მეორე ნახევარი ლუკა ზარანდიამ ჩაატარა, პოლონეთის ექსტრაკლასაში დაბრუნდა.
პლეი-ოფის ფინალში „კორონა“ „ხრობრის“ შეხვდა და მატჩის ძირითადი დრო 2:2 დასრულდა, ხოლო 119-ე წუთზე კიელცელებიდან გამარჯვების გოლი იაცეკ კიელბმა გაიტანა.
ზარანდია თადარიგში იყო და თამაშში 81-ე წუთზე ჩაერთო. ის „კორონას“ მარტში შეუერთდა და პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში ჩატარებულ 8 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. მას კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისამდე აკავშირებს.
თბილისის „ლოკომოტივის“ აღზრდილმა ზარანდიამ კარიერის საუკეთესო პერიოდი პოლონურ გდინიას „არკაში“ გაატარა, სადაც 2016-2019 წლებში გამოდიოდა. მან გდინიელებთან ერთად ერთხელ პოლონეთის თასი, ხოლო 2-ჯერ სუპერთასი მოიგო. ის 2019-2020 წლების სეზონის წინ მილიონი ევროს სანაცვლოდ ბელგიის „ზულტე ვარეგემში“ ჩაირიცხა, სადაც ჩემპიონატის პირველ ეტაპზე 18 მატჩი ჩაატარა, ხოლო ზამთარში ყაზახეთის კოსტანაის „ტობოლში“ გაანათხოვრეს. შემდეგ, მან მძიმე ტრავმა მიიღო და ბოლო 2 სეზონია „ზულტე ვარეგემში“ არ უთამაშია. ზარანდია კარიერის განმავლობაში ასევე ბელგიის „გენკში“ ირიცხებოდა, რომლის პირველ გუნდში არ უთამაშია.