„საბურთალომ“ და ბათუმის „დინამომ“ ქულები ისევ გაიყვეს

0
26

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაწყებული რეკონტრუქციის გამო, თბილისის „საბურთალომ“ კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-13 ტურში ბათუმის „დინამოს“ რუსთავში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში უმასპინძლა. შეხვედრა არცთუ სანახაოებრივი აღმოჩნდა, გუნდებმა ცოტა საგოლე მომენტები შექმნეს და საბოლოოდ, ისევე როგორც პირველ წრეში ქულები გაიყვეს. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვ ითქვა, რომ ლევან კორღალიძის გაწვრთნილ „საბურთალოს“ გოლის გატანის მეტოქეზე მეტი შანსი ჰქონდა.
ბათუმელებს ანგარიშის გახსნა დებიუტში შეეძლოთ, როდესაც ირაკლი აზაროვის ჩაწოდების შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ბურთი ჯაბა ჯიღაურს მიუვიდა, რომლის პასის მერე ახლო მანძილიდან ბრაზილიელი ფლამარიონის დარტყმა სუსტი აღმოჩნდა და თორნიკე მეგრელშვილმაც დამაჯერებლად ითამაშა.  ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში მასპინძელთა ფეხბურთელი მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და პასი კარის წინ მდგომა გულიაშვილს გაუკეთა, რომელიც ნახტომი ბურთს რომ მიწვდომოდა შესაძლოა ანგარიშიც გაეხსნა.
28-ე წუთზე ბაქარ ქარდავას კარგი გადაცემის შემდეგ გიორგი გოჩოლეიშვილმა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ირაკლი აზაროვს აჯობა და მეტოქის საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძე მოძებნა, რომელსაც ხელსაყრელი პოზიციიდან უკეთესად დარტყმა მართებდა.
ორ წუთში „საბურთალოს“ კონტრშეტევის დროს ბათუმელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა ლაშა შინდაგორიძემ მახვილი კუთხიდან არაზუსტად დაარტყა.
ამ მომენტიდან მალე თბილისელთა საჯარიმოს მისადგომებიდან ჯაბა ჯიღაურმა შეუტია და მეგრელიშვილმა მარცხენა დაბალ კუთხეში წასული ბურთო ნახტომში მოიგერია.
მეორე ტაიმში ბათუმელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ შეტევის გასაძლიერებლად თამაშში ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი ჩართო. თუმცა, ამან შედეგი ვერ გამოიღო.
64-ე წუთზე თბილისელთა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ „დინამოს“ საჯარიმოში შექმნილი არეულობით გოჩოლეიშვილმა ისარგებლა და მისი დარტყმის შემდეგ ლაზარე კუპატაძემ ბურთი ფეხით მოიგერია, რის წყალობით, სტუმრები გოლის გაშვებას გადაურჩნენ.
73-ე წუთზე „დინამოს“ კარს ისეც გოჩოლეიშვილი დაემუქრა საჯარიმოს ფარგლებს გარედან და კუპატაძემ ამჯერადაც საიმედოდ ითამაშა.
77-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ბურთი სტუმართა საჯარიმოში მიიღო და შორეულ ძელთან პასსი სიხარულიძეს გაუკეთა, რომლის დარტყმის მერე კუპატაძემ ბათუმელები გოლისგან იხსნა.
მატჩის მიწურულს კვარაცხელიამ ჩვეულ სტილში მარცხნიდან ცენტრიკენ შეიწია, გზად რამდენიმე მეტოქეს გაექცა, მაგრამ საჯარიმოს გარედან სუსტად დაარტყა და ბურთი მეგრელიშვილის იოლი ნადავლი აღმოჩნდა.
მატჩი მიწურულს მთავარ მსაჯ ირაკლი კვირიკაშვილს პენალტის დანიშვნა ორჯერ შეეძლო, მაგრამ ორივე შემთხვევაში თავი შეიკავა – ჯერ დავითაშვილმა “დააფარა” ფეხი თავის საჯარიმოში ნოდარ ქავთარაძეს, ხოლო შემდეგ მეგრელიშვილთან პირისპირ დარჩენილ გიორგი ფანცულაიას “საბურთალოს” მეკარე საკუთარ საჯარიმოში ფეხზე შეეხო და წააქცია.
“დინამო” 28 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობს, ხოლო “საბურთალო” 22 ქულით მეორეა.