საუცხოო ატმოსფერო და ლოგიკური ფრე

0
37

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-11 ტურში თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა. მატჩს 20000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ ტრიბუნებზე ბოლოს საქართველოს ჩემპიონატში ამდენი მაყურებელი როდის შეიკრიბა, რთული გასახსენებელია.
შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა, მაგრამ მოედანზე განვითარებული მოვლენები, მატჩის შემდეგ მომხდარმა სავსებით გააუფერულა. თუმცა, ამაზე ქვემოთ.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის რეალური შანსი თბილისელებს ჰქონდათ, რომელთაც დისკვალიფიკაციის გამო კაპიტანი გიორგი პაპავა და ბელარუსი ლეგიონერი დმიტრი ანტილევსკი აკლდათ. პირველად გოლის გატანის შანსი განელ ოესეი ბარნსს ჰქონდა, როდესაც მარცხენა ფლანგიდან გვინეელი უსმანე კამარას გადაცემის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და დაარტყა, მაგრამ სტუმრები გოლის გაშვებისგან გვერდითმა ძელმა „გადაარჩინა“. ამის შემდეგ შეტევაში ჩართულმა ნიკა მალიმ მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ შეიწია და მარცხენა ფეხით დაარტყა – ბურთი ხარიხას მოხვდა.
ტაიმის მიწურულს მალი დაცვაში შეცდა და ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქის კარის შორეულ კუთხეში დაარტყა – ესპანელმა პრიეტო, ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმის დაწყებამდე რამდენიმე ახალგაზრდა გულშემატკივარი სტადიონზე შეიჭრა, რის გამო, თამაშის განახლება გადაიდო. მეორე ნახევრის დებიუტში მარჯვენა ფლანგიდან ვლადიმერ მამუჩაშვილის გადაცემის შემდეგ ზურიკო დავითაშვილმა დაარტყა და ბურთი თბილისელთა კარის ზედა ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე საბა ხვადაგიანს გაექცა და საჯარიმოში შესულმა მახვილი კუთხიდან დაარტყა – პრიეტომ ისევ იყოჩაღა. მეორე ტაიმში მასპინძლებს, რომლებიც ცხადაძის დისკვალიფილკაციის გამო სათამაშოდ ისევ გიორგი ჩიხრაძემ გაიყვანა, რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონიათ. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მეორე წუთზე გიორგი ფანცულაიამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში მცველთან ორთანრძოლის დროს ბურთი დაამუშავა და ზუსტი პასი გაუკეთა თორნიკე გაფრინდაშვილს, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით ანგარიშის გახსნის ასპროცენტიანი შანსი ხელიდან გაუშვა. ამას ბენჟამინ ტეიდის გარღვევა და კარში სახიფათო დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ბურთი მიზანს აცდა.
მატჩის დასრულების შემდეგ სტადიონზე მოსული ბავშვები მოედანზე გადმოხტნენ და სტიუარდებმა ისინი ვერ შეაჩერეს. სკოლის მოსწავლეებმა, რომელთა დასწრება შეხვედრაზე უფასო იყო მოედანი გაავსეს და მათ „გასაყრელად“ ჯერ სარწყავი სისტემა ჩართეს, შემდეგ სტადიონზე შუქი ჩააქრეს და ბოლოს და ბოლოს ეს ვაკხანალია დასრულდა. თბილისის „დინამოს“ ამ ინციდენტის გამო სასჯელი არ აცდება. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი ბათუმელები 24 ქულით პირველ ადგილზე არიან, ხოლო თბილისის „დინამო“ 19 ქულით მესამეა.

მეორე ადგილზე მყოფმა გორის „დილამ“ ქუთაისის “ტორპედო” მიიღო და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. მე-11 წუთზე მეტოქის საჯარიმოს წინ ბურთი ვაგნერ გონსალვესმა მიიღო და მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ქუთაისელ ფეხბურთელს შეეხო, რის შემდეგ კარში აღმოჩნდა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე გორელებმა კუთხური გაითამაშეს, ჰაჯი დრამე ფინტით ერთ ტორპედოელს გაექცა და მისი გადაცემის შემდეგ თამაზ მაქაცარიამ საბოლოო ანგარიში დააფიქირა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს დისკვალიფიკაციის გამო, “დილა” სათამაშოდ ისევ ირაკლი მოდებაძემ გაიყვანა, ხოლო “ტორპედოს” თორნიკე შეყრილაძემ უხელმძღვანელა, რადგან გია ცეცაძემ მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, ხოლო მისი ასისტენტი შოთა ბაბუნაშვილი დისკვალიფიცირებულია. “დილას” 22 ქულა აქვს, ხოლო “ტორპედო” 11 ქულით მერვეა.
“საბურთალომ” “გაგრა” მიიღო და 3 უპასუხო ბურთი გაუტანა და პირველ წრეში განცდილი მარცხის რევანში აიღო. 59-ე წუთზე ნოდარ ქავთარაძემ მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილი იური ტაბატაძე მოძებნა, რომელმაც გადაცემა გაუკეთა ირაკლი სიხარულიძეს, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით ანგარიში გახსნა. 75-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა მეტოქის კარის წინ ხელსაყრელ პოზიციაზე გიორგი გულიაშვილი გაიყვანა, რომელმაც გარე ტერფით შორეულ კუთხეში ბურთი ზუსტად მოჭრა – 2:0. 85-ე წუთზე ლევან ნონიკაშვილმა ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა და გაგრელ მცველებს შეცდომა დააშვებინა, რითაც სიხარულიძემ ისარგებლა და დუბლი შეასრულა. ლევან კორღალიძის გავრთნილი “საბურთალო” 18 ქულით მეოთხეა, ხოლო გაგა კირკიტაძის თავკაცობით “გაგრა” 14 ქულით მეშვიდეა.
გიორგი მიქაძის დამოძღვრილი “თელავი” შინ ბოლნისის “სიონს” შეხვდა და გუნდის კაპიტან ანტონ თოლორდავას დუბლით გაიმარჯვა. მან ანგარიში მე-10 წუთზე პენალტიდან გახსნა, ხოლო პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე მეორე გოლი მიითვალა. გიორგი ჭელიძის გუნდი 16 ქულით მეხუთეა, ხოლო უჩა სოსიაშვილის “სიონი” 10 ქულით მეცხრეა.