ოფიციალურად: ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

0
59

ჯანო ანანიძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ბათუმის “დინამოს” პრესსამსახური იუწყება:
“პირველ ყოვლისა გვინდა ჯანოს ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ჩვენი გუნდის მაისურით მოედანზე გატარებული თითოეული წუთისთვის მადლობა გადავუხადოთ.
სამწუხაროდ ტრავმების სიმრავლემ ჯანოს საფეხბურთო ნიჭის სრულად წარმოჩენის საშუალება არ მისცა, მაგრამ მიუხედავად ამისა მან ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს უამრავი დადებითი ემოცია აჩუქა ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ჯანო ანანიძე კვლავაც დარჩება ქართული ფეხბურთის სამსახურში და არაერთ სასიკეთო საქმეს გააკეთებს”.
ანანიძე მოსკოვის „სპარტაკში“ 2007-2020 წლებში გამოდიოდა. ის 22013-2014 წლებში „როსტოვში“ იჯარით თამაშობდა, ხოლო 2019-2020 წლებში სამარას „კრილია სოვეტოვსი“ იყო განათხოვრებული.
მან „სპარტაკი“ 2020 წლის იანვარში დატოვა და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ „ანორთოსისში“ გადავიდა. იმავე წლის აგვისტოში ანანიძემ ვოლგოგრადის „როტორს“ მიაშურა, სადაც ტრავმის გამო არ უთამაშია და სექტემბერში კონტრაქტი გაწყვიტა. ანანიძე 2021 წლის აპრილში თბილისის „დინამოში“ გადავიდა, სადიანაც 2022 წლის იანვარში ბათუმის „დინამოს“ მიაშურა.
მან „სპარტაკის“ შემადგენლობაში 2016-2017 წლების სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგა მოიგო, ხოლო 2008-2009 და 2011-2012 წლების სეზონში ვერცხლის მედლებს დაეუფლა. ანანიძემ 2014 წელს „როსტოვთან“ ერთად რუსეთის თასი მოიპოვა, ხოლო 2018 წელს „სპარტაკის“ რიგებში – სუპერთასი. ის ბათუმელებთან ერთად წელს საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა.
ანანიძემ საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში ჩატარებულ 156 მატჩში 21 გოლი გაიტანა. ის საქართველოს ნაკრებში 2009 წლიდან გამოდიოდა და 43 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი