კრიტალბეთ ეროვნულ ლიგის მე-2 წრე გათამაშების ლიდერმა ბათუმის „დინამომ“ ბოლნისში ადგილობრივ „სიონთან“ მატჩით გახსნა, რომლის პირველი ტაიმი მოიგო, მაგრამ საბოლოო მხოლოდ ქულა დასჯერდა.
გია გეგუჩაძის გუნდი პირველ ტაიმში დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შესვეენამდე დინამოელებს 2 წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდათ. 38-ე წუთზე ტრავმა ჯოვინო ფლამარიონმა მიიღო და ის თორნიკე გაფრინდაშვილმა შეცვალა. 42-ე წუთზე შეცვლა ხვიჩა კვარაცხელიამ მოითხოვა, რომელსაც მანამდე რამდენჯერმე ფეხებში მტკივნეულად მოხვდა. 44-ე წუთზე, კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ ძალიმიერი ბრძოლა „სიონი“ კაპიტან ვარლამ კილასონიას მოუგო, ხოლო ზურიკო დავითაშვილმა პასი ირაკლი ბიძინაშვილს მიცა, რომელმაც დარტყმის იმიტაციით ზურაბ ჯაფიაშვილი და გოდერძი მაჩაიძე გააცურა, ხოლო მარცხენა ფეხით აუღებლად დაარტყა – 0:1. ტაიმის მიწურულს ბოლნიელი ლუკა ხორხელი გუგა ფალავანდიშვილს ეუხეშა და მათ შორის დაწყებულ კინკლაობაში სხვა ფეხბურთელებიც ჩაერთნენ, საბოლოოდ მხარეების დაშომინება ორივე გუნდის სამწვრთნელო შტაბის წევრებს მოუწიათ.
შესვენების შემდეგ ბათუმელებმა მოულოდნელად ინიციატივა დათმეს და უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილებს შეტევის საშუალება მიეცათ. მეორე ტაიმის შუაწელში ბათუმელთა კარს შორი მანძილიდან ივანე ფოცხვერია დაემუქრა და ბურთი მიზანს მცირე მანძილით აცდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში თომა ტაბატაძე მეტოქის საჯარიმოში ოლეკსანდრ აზაცკის გაცდა, მაგრამ სუსტად დაარტყა და ლაზარე კუპატაძე ბურთს დაეუფლა. 82-ე წუთზე კუპატაძემ თავისი საჯარიმოდან თამაშში შეიყვანა ბურთი, რომელიც ლაშა უგრეხელიძემ მოიგერია და პასი გამოუვიდა ტაბატაძის მისამართით, ამ უკანასკნელმა კი მამუკა კობახიძეს გააწრო, რის შემდეგ ზუსტად დაარტყა – 1:1. ბათუმელების 5-მატჩიანი გამარჯვებათა სერია შეწყდა და ისინი 23 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილს ლიდერობენ. „სიონი“ 10 ქულით ბოლოსწინაა.
„გაგრამ“ პირველი წრის ბოლო შეხვედრაში თბილისის „დინამოსთან“ (1:0) გამარჯვება არ იკმარა და იმავე ანგარიშით თავის მოედანზე გორის „დილას“ სძლია. ამ შემთხვევაშიც გაგრელებს მათე კვირკვიამ მოაგებინა, რომელმაც ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე გაიტანა – კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა და დანილო კანევცევის კარი აიღო. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გავრთნილი „დილა“ 19 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო გაგა კირკიტაძის თავკაცობით „გაგრამ“ 14 ქულა დააგროვა და მეექვსეა.
„საბურთალო“ წყალტუბოში ადგილობროვ „სამგურალ“ შეხვდა და სამი უპასუხო ბურთი გაუშვა. მე-6 წუთზე, თბილიელებმა სტანდარტული შეასრულეს და ირაკლი სიხარულიძის თავურის შემდეგ მიხეილ ბაშალეიშვილმა თავის საჯარიმოში ხელით ითამაშა, რის გამო, მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი სიხარულიძემ შეასრულა და ლევან შოვნაძემ ბურთი მოიგერია.
75-ე წუთზე ლუქმან გილმორის პასისს მერე, ხორვატ ბენედიკ მიოჩს თავის საჯარიმოში ბურთი ფეხებში „აებლანდა“ და 39 წლის გრიგოლ დოლიძემ ანგარიში გახსნა – 1:0. 86-ე წუთზე, შალვა ბურჯანაძემ მარჯვენა ფლანგიდან სტუმართა საჯარიმოში დემურ ჩიხლაძე მოძებნა, რომლის დარტყმის მერე ბურთი „საბურთალოს“ კაპიტან ლევან კაკუბავას შეეხო და კარში აღმოჩნდა – 2:0. 90-ე წუთზე წყალტუბოელებმა კუთხური ჩააწოდეს და მამია გავაშელიშვილის დარტყმის შემდეგ ოთო გოშაძემ ბურთი მოიგერია, რომელიც კარში ლევან ქურდაძემ გადაგზავნა – 3:0. ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით „საბურთალო“ 15 ქულით მე-3 ადგილზეა, გიორგი მიქაძის გაწვრთნილი „სამგურალი“ კი, 14 ქულით – მეხუთე.
დღეს კიდევ 2 თამაში ჩატარდება – 20:00 საათზე სტარტს „თელავი“ – „ლოკომოტივი“ აიღებს, ხოლო 21:00 საათზე „ქართული კლასიკო“ დაიწყება – „ტორპედო“ – „დინამო“ (თბილისი).





