მამარდაშვილი – პირველი ქართველი ესპანეთის თასის ფინალში

0
73

გიორგი მამარდაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც ესპანეთის თასის ფინალში ითამაშა. სევილიაში გამართულ შეხვედრაში „ვალენსია“, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გამოდის „ბეტისს“ დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში წააგო.
მე-11 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ბელერინიმ მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ვალენსიელთა მცველებს ბორხა იგლესიასმა აჯობა და თავით ძლიერი დარტყმით ახლო მანძილიდან მამარდაშვილის კარი აიღო – 0:1.
30-ე წუთზე უგო დუროს გადაცემის შემდეგ ვილაშ მორიბა „ბეტისის“ მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავს ზემოთ ბურთი ოსტატურად გადაუგდო – 1:1.
43-ე წუთზე სევილიელტა კონტრშეტევის დროს კანალესმა დაარტყა და პაულისტას ფეხიდან ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 51-ე წუთზე „ვალენსიადან“ გოლის გატანა გაიას შეეძლო, რომელიც მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ კლაუდიო ბრავომ ბურთი მოიგერია.
65-ე წუთზე ხუანმიმ ახლო მანძილიდან ხელაყრელი პოზიციიდან შეუტია, მაგრამ ქართველმა გოლკიპერმა კარი არ დაანება – ბურთი ფეხით უკუაგდო. 78-ე წუთზე ხუანმი მეტოქის კარს საჯარიმოს ხაზიდან დაემუქრა და ბურთი გვერდითმა ძელმა აისხლიტა. 83-ე წუთზე მოწინააღმდეგის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილ ფეკირს წესით ანგარიში უნდა გაეზარდა, მაგრამ ისევ მამარდაშვილმა იყოჩაღა და ბურთი ფეხით „დაბლოკა“. ძირითადი დროოის ბოლო წუთზე ქართველმა კარი უკვე იგლესიასს არ დაანება, როდესაც დაბალ კუთხეში გაგზავნილი ბურთი ნახტომში გაანეიტრალა. შეხვედრის მიწურულს გატანა სოლერს შეეძლო, მაგრამ ამჯერად “ბეტისის” კარის დარაჯი კარგად გაისარჯა და კარისკე მიმავალ ბურთს ფეხი დაახვედრა.
დამატებით დროში ანგარიში არ შეცვლილა, ხოლო პენალტები „ბეტისმა“ უკეთესად დაარტყა და თასს არსებობის ისტორიაში მესამედ დაუფლა. მანამდე, სევილიელებმა საპატიო ჯილდო 1977 და 2005 წელს მოიგეს.