კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულმა „გაგრამ“ პირველი ხმაურიანი გამარჯვება მოიპოვა. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი წრის მე-9 ტურში გაგრელებმა ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა. დინამოელები 24-წუთზე მოედანზე კაცნაკლულნი დარჩნენ, რადგან მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა უხეშობისთვის მცველი საბა ხვადაგიანი გააძევა. გაგა კირკიტაძის გაწვრთნილმა გუნდმა ერთადერთი გოლი 75-ე წუთზე გაიტანა, როდესაც მასპინძლების კონტრშეტევის დროს ოთარ ფარულავამ გადაცემა არ დაუგვიანა მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილ მათე კვირკვიას, რომელიც მეკარესთან პირისპირ დარჩა და თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. „დინამო“ სათამაშოდ გიორგი ჩიხრაძემ გაიყვანა, რადგან მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე წინა ტურში „სამგურალთან“ (0:0) საშინაო შეხვედრის დროს მატჩის ოფიციალური პირის შეურაცხყოფისთვის სამი მატჩითაა დისკვალიფიცირებული და 1200 ლარით დააჯარიმეს. „დინამომ“ ბოლო 4 თამაშიდან 3 ფრედ დაასრულა და 1 წააგო. აქედან გამომდინარე, ცხადაძეს და თბილისელთა სპორტულ დირექტორ ალეკო რეხვიაშვილს კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიასთან დიდი ალბათობით სერიოზული საუბარი ექნებათ. „დინამომ“ ასე თუ გააგრძელა, ნაკლებ სავარაუდოა ცხადაძემ თანამდებობა შეინარჩუნოს. დინამოელები 15 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-4 ადგილზეა, ხოლო „გაგრა“ 11 ქულით – მეექვსე.
მეორე პოზიციაზე მყოფი გორის „დილა“ წყალტუბოში დაბრუნებულ „სამგურალს“ ესტუმრა და ქულა აიღო – 0:0. გორელები სათამაშოდ ირაკლი მოდებაძემ გაიყვანა, რადგან მე-8 ტურში სახლში „თელავთან“ (2:1) მოგებულ მატჩში მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის „დილას“ უკრაინელი თავკაცი 3-თამაშიანი დისკვალიფიკაციით და 1200 ლარით დასაჯეს. „დილას“ 19 ქულა აქვს, ხოლო გიორგი მიქაძის თავკაცობით „სამგურალმა“ 11 ქულა დააგროვა და მეხუთეა.
თბილისის „ლოკომოტივმა“ ბოლნისის „სიონი“ მიიღო და ზედიზედ მე-9 თამაში წააგო. სტუმრები მე-13 წუთზე თომა ტაბატაძემ დააწინაურა, რომელმაც პენალტი გაიტანა. 35-ე წუთზე ირაკლი ჭიაბრიშვილმა ანგარიში გაათანაბრა. 53-ე წუთზე „სიონიდან“ თავი ლუკა ხორხელმა გამოიჩინა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა. უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილი „სიონი“ 9 ქულით მეცხრეა, ალექსანდრე ინწკირველის დამოძღვრილი „ლოკომოტივი“ კი უქულოდ ბოლოა.




