ლევან მაისაშვილი: “რაც უფრო მეტ ასეთ თამაშს ვითამაშებთ, მით უკეთესი”

0
30

‘შავმა ლომმა’ რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანური ‘იბერიანსი’ 43:40 დაამარცხა და 8 მაისს ლისაბონში, პორტუგალიურ ‘ლუზიტანუშთან’ მთავარ პრიზს გაითამაშებს.
ლევან მაისაშვილი: „მეტოქე საკმაოდ კარგი გუნდი აღმოჩნდა, ყოველ შემთხვევაში დღეს ითამაშა ძალიან კარგად, სერიოზული წინააღმდეგობა გაგვიწიეს და რიგ ეპიზოდებში პრობლემები შეგვიქმნეს. სპეციფიკიდან გამომდინარე, ნახევარფინალი ყოველთვის დაძაბულია, თუმცა პირველ ტაიმში რამდენჯერმე არ გაგვიმართლა და ის ეპიზოდები რომ გამოგვეყენებინა, სხვა სურათი გვექნებოდა. მეორე ტაიმშიც დავუშვით რამდენიმე შეცდომა, მაგრამ მთლიანობაში მიმაჩნია, რომ ცუდად არ გვითამაშია და რაც მთავარია, მიზანს მივაღწიეთ.
არის თამაშები, სადაც 7 მიღებული ქულაც ბევრია. 40 იქნებოდა ბევრი, მეტოქეზე ნაკლები რომ გაგვეტანა. რაც უფრო მეტ ასეთ თამაშს ვითამაშებთ, მით უკეთესი. ფინალში მარტივად რომ გავსულიყავით, მოტივაცია და მობილიზება ისეთი მაღალი არ იქნებოდა, როგორიც ახლა იქნება“.
მერაბ შარიქაძე: „დღეს როგორც ამ გუნდმა ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა, ისე მაგრად არავის უთამაშია. შეიძლება აღმოსავლეთ კონფერენციის ნებისმიერმა წარმომადგენელმა ‘იბერიანსი’ დაამარცხოს, მაგრამ დღეს ესპანელებს განსაკუთრებული მონდომება ეტყობოდათ. დიახ, შეცდომები დავუშვით, მაგრამ ამ შეცდომებს გამოყენება უნდა და ეს მათ შეძლეს. მოუმზადებლები არ ვიყავით, მაგრამ მათი თამაში ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა“.
მიგელ ველასკო: „ესპანურმა რაგბმა უკვე გადაასწრო რუმინეთს, რუსეთს და ახლა ჩვენი მიზანია გავუთანაბრდეთ საქართველოს. აქედან გამომდინარე, ეს იყო შესაძლებლობა, გვეთამაშა საქართველოს სანაკრებო მოთამაშეების წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ‘შავი ლომის’ შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე, დღევანდელი თამაშით კმაყოფილი ვარ“
„ლუზიტანუში” საკმაოდ კარგი გუნდია. ძლიერია კონტრშეტევისას, უყვარს ბურთის ფრთაზე გადატანა, ნებისმიერი წერტილიდან იწყებს შეტევას, თუმცა ‘შავი ლომის’ თამაშიდან გამომდინარე, მივიჩნევ, რომ ფინალში ფავორიტი სწორედ ქართული ფრენჩაიზი იქნება“.
კალოკალო გავიდა: „ჩვენ მთელი გულით ვითამაშეთ და მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, ხასიათი გამოვავლინეთ. იყო მომენტები, როდესაც თითქოს თამაშში გარდატეხის შეტანა შევძელით, მაგრამ მეტოქე გუნდის დონემ ჩვენი შესაძლებლობის ბოლომდე გამოყენების შანსი არ მოგვცა“.