გიორგი მამარდაშვილი: “მეტის დამტკიცება მსურს”

0
116

გიორგი მამარდაშვილის თქმით, მისთვის “ვალენსიაში” გადასვლა დიდი გამოწვევა იყო, რადგან სურდა დაემტკიცებინა, რომ შეეძლო კარგი მეკარე გამოსულიყო.
გიორგი მამარდაშვილი: “თამაშებით კმაყოფილი ვარ, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე, ჩემპიონატის ბოლო მატჩების კარგად ჩასატარებლად და ესპანეთის თასის მოსაგებად შრომას ვაგრძელებთ. შესაძლოა, ვალენსიაში ჩემი კარიერის განვითარების ასეთ სცენარს არ ველოდებოდი, მაგრამ განსავითარებლად ყოველდღე ვმუშაობ, ამ გუნდში მოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო და მსურდა დამემტკიცებინა, რომ მეც შემიძლია კარგი მეკარე გავხდე. ჩემი თამაშით კიდევ მეტის დამტკიცება მსურს, ვალენსიაში გატარებული ჩემი ყველა დღე ერთმანეთზე უკეთესია, ბევრს ვსწავლობ, მათ შორის ესპანურ ენასაც და ზოგადად, აქ ყოფნით კმაყოფილი ვარ.
ახლა ვალენსიაში მარტო ვარ, ვარჯიშიდან ვარჯიშამდე ვცხოვრობ, ვისვენებ, შესაძლოა, საღამოობით ქალაქში გავისეირნო. ქუჩაში ყოფნისას ბევრი ადამიანი მცნობს, სიყვარულსა და დადებით ემოციას ვგრძნობ, რაც ძალიან მომწონს და ჩემდამი ასეთი დამოკიდებულების გამო გულშემატკივრებს მადლობას ვუხდი. “მესტალია” ფანტასტიკური სტადიონია, გარემოსა და ატმოსფეროდან იგრძნობა, რომ აქ ძალიან დიდი ფეხბურთელები თამაშობდნენ.
კოლეგები და მწვრთნელები ძალიან კარგი ადამიანები არიან, პროფესიონალები. ჩამოსვლის შემდეგ სილესენი ძალიან დამეხმარა, ესპანურად ვერ ვსაუბრობდი, ის კი ყველაფერს ინგლისურად მიხსნიდა, რათა აქაური ვარჯიშებისა და ცხოვრების წესის ათვისება მომეხერხებინა. განსაკუთრებულ მადლობას კი ჩემს ოჯახს ვუხდი, რადგან რაც უნდა მოხდეს, ყოველთვის გვერდით მიდგანან და ახლა ჩემი თამაშით ძალიან ბედნიერები არიან. ასევე, მადლობას ჩემ გვერდით მყოფ ქართველ ხალხს გადავუხდი. სულ ვგრძნობ, რომ ჩემი წარმატებები ახარებთ.
ბორდალასი ძალიან პროფესიონალი და გამოცდილი მწვრთნელია. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად მუშაობის საშუალება მომეცა და ისიც მაბედნიერებს, რომ მენდობა და მათამაშებს. ჩემთვის აქ ყოფნა იმას ნიშნავს, რომ ვალენსიას დიდ ისტორიაში ჩავეწერები. ასევე დიდ მადლობას ვუხდი ოჩოტორენას (ვალენსიას მეკარეების მწვრთნელი), მისგან ძალიან ბევრი ვისწავლე.
ესპანურის სწავლა რთული იყო, რადგან ქართული და ესპანური ენები ცოტა განსხვავებულია. თუმცა ნელ-ნელა ვსწავლობ, საუბარიც დავიწყე, რაღაცები უკვე მესმის და ეტაპობრივად უფრო კარგად ვისწავლი.
მესმის, რომ ესპანეთის თასის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც მე, ისე მთელი გუნდი ყველაფერს გავაკეთებთ ამ ტიტულის მოსაპოვებლად. მაგას ვერ ვიტყვი, რადგან ასეთ  სიტყვებს ვერ ვიმახსოვრებ. მთავარია მოვიგოთ და თუ გინდ, ჩინურადაც ვიტყვი”.