სვანაძისთვის შედეგი უმნიშვნელოვანესია, გაგუამ ესტონეთი ხელწამოსაკრავი არააო

0
31

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 29 მარტს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდი, ესტონელებთან მატჩისთვის მზადებას თბილისში განაგრძობს. სამშაბათს, 18:00 საათზე, შეხვედრის სატელევიზიო რეპორტაჟს “სილქ უნივერსალი” შემოგთავაზებთ. ხვალინდელ მატჩამდე, შეხვედრის შესახებ ისაუბრეს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა – რამაზ სვანაძემ და მოთამაშემ – გიორგი გაგუამ.
რამაზ სვანაძე (21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “შეკრებას დადებითად შევაფასებდი. გუნდი მზად არის ხვალინდელი თამაშისთვის, სადაც რა თქმა უნდა უმნიშვნელოვანესია შედეგი. თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხიც – ჩვენი ფილოსოფია და ის თამაშის სტილი, რომელსაც წლებია ვნერგავთ და რითიც თავი გავაცანით ქართველ გულშემატკივარს, ხვალ, ეს ყველაფერი მინდა მინდორზე ვნახო”.
გიორგი გაგუა (21-წლამდე ნაკრების მოთამაშე): “ველით წინააღმდეგობას ესტონეთის მხრიდან, რადგან ვნახეთ ამ გუნდის თამაში და ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არ არის. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება”.