საქართველოს ნაკრებმა წლის პირველი მატჩი მოიგო

0
68

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელს პირველი შეხვედრა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ქალაქ ზენიცაში ჩაატარა. მანამდე, ეს გუნდები ერთმანეთს არასოდეს შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა და წარმატებული მატჩების სერია ოთხამდე გაზარდა.
ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ამხანაგური მატჩისთვის ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა არ გამოიძახა, რომელსაც უკრაინაში ომის გამო ოჯახური პრობლემა შეექმნა და „კოპენჰაგენშიც“ არ თამაშობდა. ასევე, სარაევოში მარცხენა მცველი ირაკლი აზაროვი არ იყო, რომელიც გასული წლის ბოლოს უზბეკეთთან ჩატარებულ ამხანაგურ შეხვედრაში გააძევეს და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. სანიოლმა არც შემტევ ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძეს უხმო, რომელიც მისი აზრით ჯერ ოპტიმალურ ფიზიკურ ფორმაში არაა.
სსნახევარმცველ თორნიკე ოქრიაშვილს კოჭი და მყესი აწუხებდა, რის გამო, ნაკრების სიაში ვერ მოხვდა. ასევე, ნაკრებს ფორვარდი გიორგი ქვილითაია დააკლდა, რომელიც გუნდთან ერთად ვერ ვარჯიშობს და მედიკამენტების დახმარებით თამაშობს. ამჯერად, ნაკრებს მიღმა დარჩა ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე, რომლის ასპარეზობით ბოლო პერიოდში მწვრთნელი უკმაყოფილოა.
სამაგიეროდ, ხანგრძლი პაუზის შემდეგ ეროვნულ გუნდს მცველი საბა კვერკველია, აგრეთვე თავდამსხმელები ბუდუ ზივზივაძე და გიორგი ბერიძე დაუბრუნდნენ. ბოსნიასთან სპარინგისთვის ნაკრებში პირველად გამოიძახეს თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.
ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა და სანიოლმა მის ნაცვლად ეროვნული გუნდის კაპიტნად გურამ კაშია დანიშნა. კაშიამ ეროვნულ გუნდში 93-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში მესამეა. მან ზურა ხიზანიშვილს აჯობა. ის მხოლოდ ლევან კობიაშვილსა და კანკავას ჩამორჩება, რომელთაც 100-100 შეხვედრა ითამაშეს.
საქართველოს ნაკრებმა ახალი ტექნიკური სპონსორის იტალიური კომპანია Macron-ის მიერ საგანგებოდ მისთვის შეკერილი სათამაშო ფორმით პირველი მატჩი ჩაატარა. ფორმის დიზაინი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კონსულტაციით შეიკერა და Macron-მა მისი შექმნის დროს ქართული იდენტობა გაითვალისწინა.
ზენიცაში გამართულ შეხვედრას ადგილობრივი გულშემატკივრების დიდი ინტერესი არ გამოუწვევია და სტადიონზე უამრავი ცარიელი ადგილი იყო.
სანიოლმა დაცვის ცენტრში კაშია და დვალი შეაწყვილა, მარჯვენა ფლანგს ოთარ კაკაბაზე აკონტროლებდა, ხოლო მარცხენას – გურამ გიორბელიძე. ნახევარდაცვის ცენტრში ნიკა კვეკვესკირი და გიორგი აბურჯანია მოქმედებდნენ, რომელთა წინ ზურიკო დავითაშვილი იყო. ნახევარდაცვის მარჯვენა ფლანგი საბა ლობჟანიძეს ებარა, ხოლო მარცხნივ ხვიჩა კვარაცხელია ირჯებოდა, რომელიც დროდადრო ცენტრისკენ იწევდა. გამოკვეთილი თავდამსხმელი მხოლოდ ბუდუ ზივზივაძე იყო.
მასპინძლებს ანგარიშის გახსნა მე-7 წუთზე შეეძლოთ, როდესაც ჰაჯიაჰმეტოვიჩმა კუთხური ჩააწოდა და აჰმედჰიჯიჩის თავურის შემდეგ ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. მე-15 წუთზე მარჯვენა ფრთიდან ბოსნიელმა მცველმა სტუმართა საჯარიმოში გახსნილი ჯეკო მოძებნა, რომელმაც კაკაბაძეს დაასწრო და ბურთი მიწაზე დაუშვებლად კარის მიმართულებოთ არაზუსტად გაგზავნა.
მე-18 წუთზე აბურჯანიამ მეტოქის გადაცემა ჩაჭრა და მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია მოძებნა, რომელიც ერთ მეტოქეს გასცდა, რის შემდეგ ბოსნიელთა საჯარიმოში გახსნილ დავითაშვილლს უპასა, რომელიც ვარდნაში ბურთს ვერ მისწვდა.
23-ე წუთზე დვალმა გადაცემა უკან კაშიას გაუკეთა, რომელსაც დემიროვიჩმა ბურთი წესის დაღვევით წაართვა და ლორიას თავს ზემოთ უზუსტოდ გადაუგდო.
26-ე წუთზე დვალის გადაცემის მერე ზივზივაძე ბალკანელთა მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ ჩრდილოეთ მაკედონიელმა მთავარმა მსაჯმა სრულიად უსაფუძვლოდ ქართველ ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
ტაიმის მიწურულს ბოსნიელებმა სსტანდარტული შესრულების შემდეგ გოლი კი გაიტანეს, მაგრამ მასპინძელთა თანაგუნდელის პასის მომენტში ედინ ჯეკო ოფსაიდში იყო, რაც მსაჯს არ გამორჩენია.
მეორე ტაიმი დასაწყისში ჯეკომ ლორიასს კარი აიღო, მაგრამ მსაჯმა ბოსნიელთა კაპიტანზე თამაშსგარე დააფიქსირა. ან ეპიზოდიდან ერთ წუთში კვარაცხელია მარცხენა ფრთაზე ფინტით მეტოქეს გაექცა და ძალიან კარგი პასი მისცა ზივზივაძეს, რომელმაც მასპინძელთა საჯარიმოში სანიჩანინს აჯობა და ანგარიში გახსნა – შეჰიჩს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა.
63-ე წუთზე თამაშში მექვაბიშვილი ჩაერთო, რომელმაც ეროვნულ გუნდში სადებიუტო თამაში ჩაატარა. მასთან ერთად მოედანზე კვერკველია და წიტაიშვილიც შევიდნენ. კვერკველიამ ადგილი დაცვის ცენტრში დაიკავა, ხოლო დვალმა მარცხენა ფლანგზე გადაიწია. წიტაიშვილმა მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ითამაშა.
71-ე წუთზე კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან ცენტრიკენ შეიწია და სსაჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა – ბურთი შეჰიჩის ხელიდან ხარიხას შეეხო, ხოლო დავითაშვილი დამატებას შეეცადა, მაგრამ მცველთან ორთაბრძოლისას წაიქცა. მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა. ამ ეპიზოდიდან მცირე ხანში კვეკვესკირის პასი გოიაკმა ჩაჭრა და სტუმრების საჯარიმოში სტევანოვიჩი მოძებნა, რომელსაც კარიდან გამოსულმა ლორიამ აუღო. მე-80 წუთზე დვალმა ტრავმა მიიღო და შეცვლა მოითხოვა. მის მაგივრად მოედანზე გრიგოლ ჩაბრაძე შევიდა. 81-ე წუთზე ილიჩევიჩმა შოირ მანძილიდან სახიფათოდ დაარტყა და ლორიამ ბურთი მოიგერია. შეხვედრის მიწურულს პრევლიაკმა სტუმართა საჯარიმოს მისადგომებიდან ცუდად დაარტყა, არადა, ხელსაყრელი პოზიცია ჰქონდა.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთებში ლორია გამოსვლაზე შეცდა და ბურთი ხელებიდან გაუვარდა, მაგრამ რაჰმანოვიჩმა საჯარიმოს გარედან ცარიელ კარში ვერ გაიტანა.

ბოსნია-ჰერცეგოვინა – საქართველო 0:1 (0:0)
25 მარტი. ზენიცა. სტადიონი „ბილინო პოლიე“.
ბოსნია: შეჰიჩი, აჰმედჰოჯიჩი, კოვაჩევიჩი (გაზიბეგოვიჩი, 78), სანიჩანინი (მილიჩევიჩი, 58), სტევანოვიჩი (მენალო, 87), გოიაკი (რაჰმანოვიჩი, 78), ჰაჯიაჰმეტოვიჩი, კრუნიჩი (დანილოვიჩი, 59), კოლაშინაცი, დემიროვიჩი (პრებლიაკი, 87), ჯეკო.
მთავარი მწვრთნელი: ივაილო პეტევი.
საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია (კ), დვალი (ჩაბრაძე, 80), გიორბელიძე (წიტაიშვილი, 62), კვეკვესკირი, აბურჯანია (მექვაბიშვილი, 62), ლობჟანიძე (კვერკველია, 62), დავითაშვილი (გვილია, 75), კვარაცხელია (ბერიძე, 75), ზივზივაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 0:1 ზივზივაძე (49)
გაფრთხილება: აბურჯანია (24), დავითაშვილი (56), წიტაიშვილი (72)
მთავარი მსაჯი: ა.სტავრევი (ჩრ.მაკედონია)
ლაშა თაბაგარი