საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის მზადების ფარგლებში, დღეს სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. 24 მარტს ნაკრების საწვრთნელ პროცესში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში მოთამაშე ვაკო ყაზაიშვილი ჩაერთო. სარაევოში საქართველოს ნაკრები 23 ფეხბურთელის შემადგენლობით იმყოფება და წინა დღეების მსგავსად გუნდმა კვლავ ს.კ. “სარაევოს” საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა.
ვარჯიშის დაწყებამდე, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლისა და ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას პრესკონფერენცია გაიმართა.
გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “მეტოქეს ცნობილი და კარგი ფეხბურთელები ჰყავს. ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრები განსხვავებული სისტემით თამაშობს და ეს საინტერესო მატჩია ჩვენთვის. მოუთმენლად ველი ამ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ეს ამხანაგური თამაშია და ამ ყველაფერს ორივე გუნდი ერთა ლიგისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.
აქ მხოლოდ რამდენიმე ვარჯიში გვქონდა. დროის დიდი ნაწილი ტაქტიკურ ვარჯიშებს დავუთმეთ. ვმუშაობთ იმავე ტაქტიკაზე, რომლითაც უკანასკნელი მატჩები ვითამაშეთ. ძალიან საინტერესო მეტოქეები გვყავს ამხანაგურ შეხვედრებში. ვფიქრობ, რომ თითქმის იგივე დონის გუნდები არიან, რაც ჯგუფში გვეყოლება ერთა ლიგაზე.
რა თქმა უნდა, მოგება გვსურს, მაგრამ ამხანაგური თამაშებია და რაც შეიძლება მეტი უნდა ვიმუშავოთ იმაზე, რისი ჩვენებაც ოფიციალურ მატჩებში გვინდა. გუნდში რამდენიმე ახალი სახეა, რასაც მივესალმები. ალბათ მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი და ჩვენც უფრო უნდა გამოვასწოროთ ის წუნი, რაც ბოლო თამაშებში გვქონდა. მიუხედავად იმისა, რომ მოვიგეთ ის მატჩები, გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ ის სისტემა, რაზეც ახლა ვმუშაობთ.
მადლობა ყველას ნდობის გამოცხადებისთვის. კაპიტნობა ჩემთვის დიდი პასუხისმგელობაა და იმედი მაქვს თავს გავართმევ. ყოველთვის ვაკეთებდი ყველაფერს, რაც შემეძლო, თუმცა კაპიტნობა, რა თქმა უნდა, უფრო დიდი მოტივაციაა და ყველაფერს ვიზამ, რომ ჩემი გამოცდილებით დავეხმარო გუნდს”.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), სოლომონ კვერკველია (მეტალისტი, ხარკოვი, უკრაინა), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო, თბილისი,საქართველო), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი), დავით ვოლკოვი (ზირა, ბაქო, აზერბაიჯანი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსან ჰიუნდაი, სამხრეთ კორეა), ბუდუ ზივზივაძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი).
ბოსნია-ჰერცეგოვინასა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებები ერთმანეთს ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. მატჩს 25 მარტს, ქალაქ ჟენიცას ბილინო პოლე უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
25 მარტი – 23:45 ბოსნია/ჰერცეგოვინა – საქართველო
29 მარტი – 20:00 ალბანეთი – საქართველო





