საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის “დინამომ” ზედიზედ მეორე მატჩი ვერ მოიგო. გია გეგუჩაძის გაწვრთნილმა გუნდმა ფეხბურთში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში თბილისის “საბურთალოს” უმასპინძლა და მხოლოდ ქულას გამორჩა. თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფრე კანონზომიერი შედეგი იყო.
მატჩში პირველი სახიფათო მომენტი “საბურთალომ” შექმნა, როდესაც 22-ე წუთზე ირაკლი აზაროვმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაემა გააკეთა და გიორგი გულიაშვილის ჩაჭრილი ბურთი მასპინძელთა საჯარიმოში ირაკლი სიხარულიძეს მიუვიდა, რომელმაც ხელსაყრელი პოზიციიდან არაზუსტად დაარტყა. 24-ე წუთზე გეგუჩაძემ იძულებითი ცვლილება გააკეთა, რადგან სასტარტოში პირველად მოხვედრილმა ჯანო ანანიძემ ტრავმა როგორც იტყვიან “სწორ ადგილზე” მიიღო და მის ნაცვლად თამაშში გიორგი ზარია ჩაერთო.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ბათუმელთა მეკარე ლაზარე კუპატაძე ბურთის “ამოტანისას” შეცდა და შემდეგ გულიაშვილის სახიფათო დარტყმა ნახტომში გაანეიტრალა. 26-ე წუთზე “დინამოს” ფეხბურთელებმა დაცვიდან ამოსვლა თავისი საჯარიმოში ბურთის გათამაშებით სცადეს, რომელიც შოთა ნონიკაშვილმა ჩაჭრა და პასი სიხარულიძის მისამართით გამოუვიდა, ხოლო ამ უკანასკნელმა ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა – 0:1. 30-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს, მაგრამ მსაჯმა გოლი გააუქმა, რადგან სიმულაცია დააფიქსირაბრაზილიელ ფორვარდ ჯოვინო ფლამარიონზე, რომელის “საბურთალოს” საჯარიმოში ლევან კაკუბავას დაეჯახა და წაიქცა. მთავარმა მსაჯმა ალეკო აფციაურმა მას ყვითელი ბარათი აჩვენა.
37-ე წუთზე ზარიამ ძალიან ზუსტი პასი გაუკეთა თბილისელთა საჯარიმოში გახსნილ ფლამარიონს, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით მეტოქის კარი აიღო – 1:1.
მეორე ტაიმის შუაწელში ფლამარიონს ანგარიშის გაზრდა შეეძლო, როცა ზარიას კარგი პასის შემდეგ ბურთის მოჭრა შორეულ კუთხეში სცადა, თუმცა მიზანს ააცილა. საპასუხო შეტევამ არ დააყოვნა და მარჯვნიდან მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილმა გიორგი გოჩოლეიშვილმა ძლიერად, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
65-ე წუთზე “საბურთალოს” ხანგრძლივი შეტევის დროს გიორგი ლაცაბიძის მიერ მარცხნიდან ბათუმელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი უკრაინელმა მცველმა ოლექსანდრ აზაცკიმ თავით მოიგერია, ხოლო შოთა ნონიკაშვილმა დაახლოებით 18 მეტრიდან შეუჩერებლად ზუსტად დაარტყა – 1:2.
76-ე წუთზე აზაროვის გადაცემის მერე ელგუჯა ლობჯანიძემ სტუმართა საჯარიმოში ბურთი მიიღო და პასი ბიძინაშვილს გაუკეთა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა – 2:2.
“დინამო” 7 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში ლიდერია, ხოლო “საბურთალო” ამდენივე ქულით მეორეა.
დღეს, ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ადგილობრივ “ტორპედოს” თბილისის “ლოკომოტივი” უნდა მიეღო, მაგრამ მატჩი დიდთოვლობის გამო გადაიდო.





